პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს 8 საათამდე აქვს დრო ჩამოყალიბდეს.
„8 საათამდე ჩამოყალიბდეს ივანიშვილი, გადააყენოს თამარ ჟვანია და ჩვენ, გაერთიანებული ოპოზიცია, თქვენი სახელით მზად ვართ, შევხვდეთ ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია სიმტკიცე და ერთიანობა.
„ჩვენ აქ შევიკრიბეთ, ჩვენი დიდი ხალხის და ქვეყნის ამაყი და უდრეკი შვილები, მაგრამ ძალიან განრისხებული შვილები. ძალიან განრისხებული, რადგან ჩვენი წინამორბედი თაობების მთელ მონაპოვარს წყალში გადაყრას უპირებს ოლიგარქი, თავისუფლებას გვინადგურებს, ქვეყანას გვპარავს და მომავალს ძარცვავს“, – განაცხადა აქციაზე ნიკა მელიამ.