8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

პუბლიკა

სენაკის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომა დახურული იყო. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ.

25 ივნისს სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით 2 კაცი დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით, ბ.გ. და ზ.გ. დაზარალებულის ასაკის გამო მისი უმწეობის გამოყენებით, 8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს.

ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა.

ბ.გ. და ზ.გ. დაზარალებულ არასრულწლოვნებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი დანაშაულის შესახებ შეტყობინება 2021 წლის 23 ივნისს მიიღო და ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. სამართალდამცველებმა ბ.გ და ზ.გ 23 ივნისს დააკავეს, “- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა.

ორივე პირისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.