დასაქმებულთა რიცხვი 36-ით შემცირდა | კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ რეორგანიაცია დაასრულა

პუბლიკა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააგენტოში რეორგანიზაცია დასრულდა.

შედეგად, სააგენტოს მონაცემებით, 17 სამსახურის ნაცვლად მუშაობას განაგრძობს 11 სამსახური და სააგენტოში დასაქმებულთა რაოდენობა 381-დან 345-მდე შემცირდა.

სააგენტოს ინფორმაციით რეორგანიზაცია წინა წლის 25 ნოემბერს დაიწყო. ხოლო ამა წლის 15 იანვრიდან ახალი საშტატო განრიგი ამოქმედდა.

„რეორგანიზაციის შედეგად განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები მიზნად ისახავდა სააგენტოზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელების მიღწევას, ასევე, უწყების წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების დაძლევას.

რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდა ისეთი სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება, რომელთაც ერთმანეთის მსგავსი/მონათესავე ფუნქციები ჰქონდათ. სააგენტოს ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად ასევე განხორციელდა ისეთი პოზიციების შემცირება, რომელთა გარდაუვალი აუცილებლობაც აღარ არსებობდა“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, სააგენტოს საშტატო ნუსხას დაემატა 17 ოსტატის პოზიცია (ქვითხურო, ხითხურო, კირითხურო, სახურავთა ოსტატი, მჭედელ-ზეინკალი და ხარატი), რომლებიც აქამდე საერთოდ არ არსებობდა.

სააგენტო ხაზს უსვამს, რომ ოსტატთა რეესტრის შექმნისა და მათი სააგენტოში დასაქმების იდეა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ეკუთვნის.

ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თქმით, ცალკე სტრუქტურული ერთეულის სახით შეიქმნა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამსახური და ძეგლთა ფიქსაციისა და კულტურულ ფასეულობათა კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორია.

„ქვეყნის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონიტორინგის მიზნით, სააგენტოში შეიქმნა ინსპექტორების მობილური ჯგუფები, რომლებიც რეგიონების მიხედვით მოახდენენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის ინსპექტირებას და უზრუნველყოფენ შემდგომ რეაგირებას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.