თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, პლაზმის მეთოდით მკურნალობამ ერთ-ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა გააუმჯობესა.
„ჯერჯერობით ერთ პაციენტთან გამოიღო ცალსახად დადებითი შედეგი, რაც გამოიხატა იმაში, რომ ვირუსი გაქრა, ხოლო მეორე პაციენტში, რომელიც განსაკუთრებით მძიმე იყო, კრიტიკულად მძიმე და პრაქტიკულად განწირული, სხვა მედიკამენტებით და სხვა საშუალებებით მკურნალობა იყო უშედეგო და მოსალოდნელი იყო ლეტალური ეფექტი, ჩვენ იქ გამოვიყენეთ ორჯერ, ორჯერ გადავუსხით პლაზმა და არამარტო პლაზმა, ჩვენ იქ ასევე გამოვიყენეთ მეორე ინოვაციური მიდგომა, მედიკამენტი „ტოცილიზუმაბი“. ეს პაციენტი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა. ანუ, მას აღარ აღენიშნება სიცოცხლისთვის სახიფათო დარღვევები, აღარ არის ჟანგბადდამოკიდებული, ლაბორატორიული პარამეტრები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ ჯერ შორს ვართ იქიდან, რომ ვთქვათ ეს პაციენტი გადავარჩინეთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული პაციენტი 83 წლის ქალია, რომელიც რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ამიტომ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას არ ჩქარობენ.
„ეს არ იქნება სწორი, როდესაც რამდენიმე დღეში საბოლოოდ გახდება ნათელი, ეს პაციენტი სტაბილურად წავიდა გაუმჯობესებისკენ, თუ ეს გაუმჯობესება იყო დროებითი და ის შეიძლება, კვლავ დამძიმდეს, ამის შემდეგ საბოლოო ანალიზის შედეგებს დავდებთ“,- განაცხადა ცერცვაძემ.