საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საბჭოს მიერ გარე სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმების მიუხედავად, სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე, სასურველია, რამდენიმე ადამიანის შეკრების დროს პირბადე მაინც გაიკეთონ.
„მოიხსნა ვალდებულება ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღის, ანუ პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში. ის რჩება ყველგან სავალდებულოდ დახურულ სივრცეში – მეტროში, ტრანსპორტში, ყველგან, ოფისებში. დახურულ სივრცეში პირბადე, ჯერჯერობით, უნდა ვატაროთ.
გარე სივრცეში, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, მოიხსნათ. არავინ მაგაზე არ დაგაჯარიმებთ, თუ არ გეკეთებათ, მაგრამ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჩემი პირადი რჩევა გახლავთ, რომ იქ, სადაც იკრიბება გარე სივრცეში ადამიანთა გარკვეული რაოდენობა – 5, 10 მეგობარი რომ საუბრობთ, სასურველია, გაიკეთოთ ხოლმე პერიოდულად პირბადე, იმ დროს, როცა რამდენიმე ადამიანი იკრიბება… ჩემი საექიმო რჩევა იქნება, რომ ჯერჯერობით მაინც ვუფრთხილდეთ, ვიყოთ ფრთხილად“, – განაცხადა გამყრელიძემ.