9 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს დადასტურებული 9 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 3 ინფიცირებულთან კონტაქტია, 2 კი იმპორტირებული შემთხვევაა. გამყრელიძის კომენტარს „პალიტრანიუსი“ ავრცელებს.

„გვაქვს 9 დადსტურებული შემთხვევა, აქედან ერთი არის გაჩიანის კლასტერიდან, ყარაჯალარიდან, სადაც ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს. გუშინ 700-მდე ნიმუში გამოვიკვლიეთ, გუშინწინ 300-მდე, დღესაც მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები და ამ ეტაპზე ერთი შემთხვევაა დადებითი. 3 არის  წინა დღეებში დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი – ოჯახია. 2 არის სამედიცინო პერსონალი და 2 გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა, აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. დარწმუნებული ვარ, დღეს თუ არა, ხვალ გვეცოდინება ინფიცირების წყარო“, – განაცხადა გამყრელიძემ „პალიტრანიუსთან“.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა, ჯამში, 1225-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი და ჯამში, მათი რაოდენობა ამ დროისთვის უკვე 1000-ს შეადგენს.