9 დეკემბერს გვექნება პარლამენტის პიკეტი – მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“

პუბლიკა

„ქვეყნის სამსახურში“ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზატორების თქმით, დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა გადაიდო, რაც მათი ერთიანი და შეუვალი პროტესტის შედეგია.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აქტივისტები გეგმავენ, ხუთშაბათს, დილით პარლამენტარებს დახვდნენ სირცხვილის დერეფნებით და კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ ხალხის სამსახურში უნდა იყვნენ და არა პრორუსი ოლიგარქის.

„სასესიო კვირაში, საორიენტაციოდ 9 დეკემბერს, გვექნება პარლამენტის პიკეტი, რათა ხელი შევუშალოთ „ქართულ ოცნებას“ სასამართლო სისტემის ბოლომდე დამორჩილებაში და არ მივცეთ მოსამართლეთა დამტკიცების საშუალება!

ამ დღეს შევიკრიბებით ერთად, ერთის წინააღმდეგ!

გარდა ამისა, იქნება წერტილოვანი დარტყმები მთავრობის წინააღმდეგ!

ეს ყველაფერი ემსახურება ლუსტრაციას იმ ხელისუფლებისა, რომელიც არის მატყუარა და არ ითვალისწინებს ხალხის აზრს.

ჩვენი მოთხოვნა უცვლელია – ჩვენ ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს, როგორც გარანტს, რომ ამ ქვეყანაში ვერც ერთი პარტია ვერ მოახერხებს საკონსტიტუციო უმრავლესობის ხელში ჩაგდებას და ხალხის საკუთარ ნებაზე მართვას!

ჩვენ ვპირდებით „ქართულ ოცნებას“, რომ მათი ზამთარი გაუსაძლისი გახდება“, –  ნათქვამია განცხადებაში.