9 ფეხბურთელი ქალი დაზარალებულად არ ცნეს | PHR სავარაუდო შევიწროების საქმეზე

პუბლიკა

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, პროკურატურამ დაზარალებულად არ ცნო 9 ქალი ფეხბურთელი.

PHR-სი ცნობით, ორგანიზაცია იცავს 9 ქალი ფეხბურთელის ინტერესებს (მათ შორის, ერთი ბავშვის), რომელთა მიმართაც მწვრთნელმა კაცმა, სავარაუდოდ, განახორციელა სექსუალური შევიწროება, ძალადობა და თაღლითობა.

„ქალი ფეხბურთელები წლების განმავლობაში, სავარაუდოდ, განიცდიდნენ სექსუალურ შევიწროებას და  სექსუალურ ძალადობას მწვრთნელის მხრიდან. სექსუალური შევიწროება და დანაშაული გამოიხატებოდა არასასურველ ფიზიკურ შეხებაში, სექსუალური შინაარსის კომენტარებსა და პორნოგრაფიული მასალის იძულებით ყურებაში.

მწვრთნელის მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა სავარაუდო თაღლითობას, ვინაიდან იგი ფეხბურთელებს აბრუნებინებდა ხელფასის ნაწილს. კერძოდ, მათ ეუბნებოდა, რომ ხელფასიდან დაბრუნებული თანხა კლუბის შემდგომი ფუნქციონირებისათვის იყო საჭირო.

მწვრთნელის მხრიდან სავარაუდო სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი ზოგიერთი არასრულწლოვანი ქალი ფეხბურთელის მიმართაც. კერძოდ,  მათ იძულებით აჩვენა პორნოგრაფიული ვიდეოს, რაც წარმოადგენს გარყვნილ ქმედებას“, – ამბობენ ორგანიზაციაში.

ქალი/ბავშვი ფეხბურთელების მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების საქმეზე PHR-მა გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა პოლიციას.

ორგანიზაციის შეფასებით, საქმეში არსებული საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, პროკურატურამ არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის მოთხოვნა და უარი თქვა ქალი/ბავშვი ფეხბურთელების დაზარალებულად ცნობაზე.

PHR-მა პროკურატურის უარი სასამართლოში გაასაჩივრა.  

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გამოძიების პარალელურად, სექსუალური შევიწროების საქმეს საქალაქო სასამართლო უკვე განიხილავს. მოპასუხე საქმეში არის, როგორც უშუალოდ მწვრთნელი მამაკაცი, ასევე საფეხბურთო კლუბი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია,რადგან მათთვის ცნობილი იყო დისკრიმინაციის შესახებ და არაფერი იმოქმედეს გოგოების და ბავშვების დასაცავად. მოთხოვნებს შორის არის დისკრიმინაციის ფაქტების დადგენა,  სექსუალური შევიწროებისგან ფეხბურთელების დაცვის მექანიზმის შექმნის დავალდებულება და მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეებისთვის.

„აღნიშნული საქმის წარმატებით აღსრულების მიზნით, PHR-მა იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ და აიკრძალა მწვრთნელის უძრავი ქონებისა და საფეხბურთო კლუბის წილების გასხვისება.

შეგახსენებთ, ეს არის ფეხბურთელი ქალების მიმართ სექსუალურ შევიწროების რიგით მეორე საქმე. პრობლემა სისტემურია და საჭიროებს დაუყოვნებელ ცვლილებას“, – ამბობენ ორგანიზაციაში.