9 ინფიცირებულიდან ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა – ინფექციური საავადმყოფო

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტი მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მისი თქმით, 7 პაციენტს, ვირუსზე დადებითი პასუხის მიუხედავად, სიმპტომები არ აღენიშნება, 2 პაციენტის მდგომარეობა კი უფრო საყურადღებოა.

„ერთი პაციენტის მდგომარეობა უკვე 24 საათის მეთვალყურეობის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის საშუალოზე მძიმე. საყურადღებოა ეს პაციენტი. პროგნოზულად სერიოზულია იმიტომ, რომ დაავადება კარგად არის გამოვლენილი.  მეორე პაციენტის მდგომარეობა შედარებით მსუბუქად შეიძლება შევაფასოთ. თუ ასე შენარჩუნდება, ესეც კარგი პროგნოზის მაჩვენებელი იქნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში ახალი მონაცემებით, კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ამავე ვებგვერდის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.