9 მაისს უკრაინას ომს არ გამოვუცხადებთ, ეს ნონსენსია - პესკოვი

პუბლიკა

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, სიმართლე არაა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 9 მაისს რუსეთი უკრაინისთვის ომის გამოცხადებას აპირებს.

მისივე თქმით, სპეკულაციაა ის ინფორმაციაც, რომ შესაძლოა, რუსეთში საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადონ.

„ეს არ არის სიმართლე, ეს ნონსენსია“, – თქვა პესკოვმა ჟურნალისტებთან.

9 მაისი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება განსაკუთრებულად აღნიშნავს. რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში შეიძლება უკრაინასთან ომის ოფიციალურად გამოცხადების და საყოველთაო მობილიზების გადაწყვეტილება მიიღონ, რაც 9 მაისს გამოცხადდება.

აქამდე მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართულია რუსეთის შეიარაღებული ძალების, ჯავშანტექნიკის, ავიაციის დიდი ნაწილი და შავი ზღვის ფლოტი.

რუსულმა არმიამ სარაკეტო და ავიაიერიშები მიიტანა უკრაინის თითქმის ყველა რეგიონულ ქალაქზე და სცადა კიევის ალყაში მოქცევა. რუსული აგრესიის შედეგად, ფაქტობრივად, განადგურდა რამდენიმე ქალაქი და არაერთი შედარებით მცირე დასახლება.