ბუნდესტაგის წევრი, ნილს შმიდი აღნიშნავს, რომ მთავრობის მიმდინარე პოლიტიკის პირობებში არ არსებობს ვარიანტი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ამის შესახებ მან თბილისში ვიზიტის ფარგლებში პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„მთავრობის მიმდინარე პოლიტიკის პირობებში არ არსებობს ვარიანტი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ამის შესახებ ნათლად განაცხადა ევროკავშირმა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით. ევროკავშირში გაწევრების ნებისმიერი პროცესის გადაწყვეტისთვის საჭიროა პარლამენტის თანხმობა, ჩვენი პარტიები წარმოადგენენ გერმანიის ბუნდესტაგის უდიდეს უმრავლესობას.
ახლანდელი პოლიტიკის ფონზე საქართველო ვერ მიიღებს გერმანიის პარლამენტის თანხმობას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე. ყველამ იცის ის 9 ნაბიჯი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების დასაწყებად. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ უნდა დავამატოთ მეათე ნაბიჯი და ეს უნდა იყოს უცხოელი აგენტების შესახებ კანონის გაწვევა, რომელიც აშკარად წინააღმდეგობაშია ევროპულ სტანდარტებთან”, – განაცხადა მან[„ფორმულას” თარგმანი].
საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერები დებორა დიურინგი, იურგენ ჰარდტი, ულრიხ ლეხტე და ნილს შმიდი. მათ მოგვიანებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს ევროკავშირისკენ გზას.