„ვთანხმდებით საერთო სტრატეგიასა და მოქმედების წესებზე“ - 9 პროდასავლური პარტია აფუძნებს ოპოზიციის ალიანსს

პუბლიკა

9 პროდასავლური პარტია აფუძნებს ოპოზიციის ალიანსს – ერთობა ერთად გამარჯვებისთვის! პარტიები აცხადებენ, რომ თანხმდებიან საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე.

ოპოზიციის ალიანსში გაერთიანდნენ პარტიები: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ერთიანი-ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „თავისუფლების მოედანი“ და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეთანხმების მიზანია ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმის“ დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და დემოკრატიული მმართველობის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

გთავაზობთ პარტიების განცხადებას:

„დღეს, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების ალიანსი ვთანხმდებით საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და ვაცხადებთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით გავათავისუფლებთ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან, აღვადგენთ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ მმართველობას, ქვეყნის უსაფრთხოებასა და ქართველი ხალხის კეთილდღეობას.

ჩვენი შეთანხმება ემყარება შემდეგ პრინციპებს:

ერთობა ერთფეროვნების გარეშე:

ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. ჩვენი ამოცანაა, როგორც ქვეყნის შიგნით ქართველ ხალხს, ისე ქვეყნის გარეთ საქართველოს მოკავშირეებს დავანახოთ, რომ წარმოვადგენთ ივანიშვილის ოლიგარქიული და ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიულ ალტერნატივას.

• დემოკრატიული ალტერნატივა:

პარტიები ვთანხმდებით, რომ ავტოკრატიულ რეჟიმს მხოლოდ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული დემოკრატიული ალტერნატივა დაამარცხებს. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ალიანსი დაეფუძნოს მონაწილეების თანასწორობის პრინციპსა და გარე გავლენებისგან თავისუფალი ნების გამოხატვას.

• პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი:

მიზნად ვისახავთ საზოგადოების ფართო ჩართულობით დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევას, რათა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი და ჩამოაყალიბოს დემოკრატიული კოალიციური ხელისუფლება, რომელიც გაატარებს აუცილებელ რეფორმებს.

შეთანხმების მონაწილე პარტიები ვთანხმდებით ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხიმგებლობას მათი დარღვევისთვის.

ოპოზიციის ალიანსი იბრძოლებს ბოლომდე – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციის ალიანსს არ უერთდებიან „ძლიერი საქართველო – ლელო“ და „გახარია – საქართველოსთვის“.

„ძლიერმა საქართველომ – ლელომ“ 19 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტია გააგრძელებს პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი.

„ერთობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. ერთობა არის ინსტრუმენტი კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. თუ მიზანია მმართველი სისტემის დამარცხება, ამას სჭირდება ძლიერი, მრავალფეროვანი, პასუხისმგებლობიანი, დამოუკიდებელი ოპოზიციური სპექტრი.

პოლიტიკაში ყველას ერთ ქვაბში მოქცევა ამარტივებს ოპონენტის ნარატივს და ამცირებს ალტერნატივის ხარისხს. ძლიერი ოპოზიცია იქმნება კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით.

„ძლიერი საქართველო – ლელო“ მზად არის კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის კონკრეტულ, საერთო ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქმედით სამოქმედო ფორმატებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ კი დღეს, 2 მარტს განაცხადა, რომ „ნაცებთან“, „ახლებთან“ თუ „ნაციონალური მოძრაობის” სხვა განაყოფებთან არავითარ გაერთიანებას არ განიხილავდნენ და არც მომავალში განიხილავენ“.

მისი თქმით, „ეს კონკრეტული პარტიები, რომლებიც ხან გაერთიანდნენ, მერე გაიყვნენ და დღეს ისევ ერთიანობაზე საუბრობენ, ხშირ შემთხვევაში „ოცნების” ხელისუფლებას და პროპაგანდას უკეთებენ საჩუქარს“.