9 პროდუქტზე ფასების შენარჩუნებისთვის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი დაიხარჯება

პუბლიკა

საქართველოს მთავრობამ, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასის შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცა.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასის შენარჩუნების პროგრამის დაფინანსებისათვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებებიდან უნდა გამოიყოს 10 000 000 ლარი.

პროგრამის მიზანია, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე სავალუტო კურსის ცვალებადობით  გამოწვეული ფასის ზრდის შეჩერება სუბსიდირების გზით; ასევე, ქვეყანაში პროდუქტების საჭირო მარაგების შექმნის სტიმულირება.

ეს პროდუქტებია: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.

პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველოში პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში გაწეული/გასაწევი ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირებას.