პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სურსათის მარაგზე, განსაკუთრებით 9 საბაზისო პროდუქტზე, არანაირი რისკი ქვეყანაში არ არსებობს.
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს „ევრაზიულმა კავშირმა“ ექსპორტი აკრძალა და ა.შ. სასურსათო მარაგის, განსაკუთრებით იმ 9 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე, რომლის ჩამონათვალიც არსებობს, არანაირი რისკი ქვეყანაში არ არსებობს, მეტსაც გეტყვით, არც იარსებებს.
ჩვენ, მთავრობამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, რომ არ ჰქონდეთ ფინანსური შეზღუდვა, ეს პროდუქტები შეიძინონ. ეს იქნება მთავარი გამოწვევა ეკონომიკისა და ჩვენი, თორემ პროდუქტი იქნება საკმარისზე მეტი“, – განაცხადა პრემიერმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ეს 9 პროდუქტია: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.