9 სექტემბერი | კორონავირუსის ახალი შემთხვევები საქართველოში

პუბლიკა

StopCov.ge-ს მონაცემებით, 9 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს გამოვლენილი 44 ახალი შემთხვევიდან:

  • 7 არის ე.წ. „დონას“ კლასტერიდან;
  • 12-ის ინფიცირების წყარო ბათუმია;
  • 12 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი;
  • 2 ეპიდკერაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირი;
  • 3 სამედიცინო პერსონალი;
  • 3 შემთხვევაზე გრძელდება კვლევა.

თბილისი

დღეს, 9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. უცნობია, ისინი დღეს დილას გამოვლენილ 44 შემთხვევას შორის არიან თუ მათი მონაცემი ხვალ დილას შეჯამებულ სტატისტიკაში აისახება.

ვიკა ბუკიას თქმით, ვირუსზე გუშინ ჩატარებული პირველი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა ორდღიანი თვითიზოლაციის შემდეგ დღეს დილას განმეორებითმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ჟურნალისტი ვიკა ბუკია „ტელეკომპანია პირველის“ თანამშრომელია. ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ ამირან გამყრელიძის რეკომენდაციის საფუძველზე, არხი ჯერჯერობით მუშაობას არ წყვეტს.

აჭარა

კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდი კერა, ჯერჯერობით, აჭარაა. 44 ახალი პაციენტიდან 25 სწორედ აჭარაში გამოვლინდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილის ცნობით:

  • ხოფის ბაზრობას უკავშირდება 7 შემთხვევა – 2 თანამშრომელი და 5 ოჯახის წევრი;
  • იუსტიციის სახლს – 3;
  • მისი თქმით, დანარჩენი „ერთეული შემთხვევებია“, მათ შორის არის სამშობიარო სახლის თანამშრომელიც.

მოგვიანებით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პრესსამსახურში თქვეს, რომ სამშობიარო სახლში ინფიცირებულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა. ბათუმის სამშობიარო სახლმა მუშაობა შეაჩერა

კორონავირუსი დაუდასტურდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს 2 თანამშრომელს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აჭარაში ინფიცირებულთაგან ერთი გარემოს დაცვის თანამშრომელი, ორი „ორბის“ თანამშრომელია, ერთი კი კლინიკა „ბრაზერსის“ სანიტარია.

კორონავირუსი ასევე დაუდასტურდა სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტ „ნოვას“ თანამშრომელს, რის გამოც ხელმძღვანელობამ კომპანიის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

გარდა უკვე ცნობილი წყაროებისა, აჭარაში 10 პაციენტის დაინფიცირების წყარო არის უცნობი.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, რადგან მათ კლინიკაში ერთი კვირა დაჰყვეს და უსიმპტომო პაციენტები არიან.

ქალაქში PCR-ტესტირებისთვის უკვე არსებულ კარვებს კიდევ 2 კარავი დაემატა. ე.წ. ხოფის ბაზრობისა და ავტოსადგურის მიმდებარედ.

გურია

ამირან გამყრელიძის განცხადებით, გურიის რეგიონში ჯამში 8 დადასტურებული შემთხვევა ბათუმში ქორწილის კლასტერს უკავშირდება.

დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული პირი გურიაში ჩასვლამდე ოჯახთან ერთად აჭარაში იმყოფებოდა. NCDC-ის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი არჩილ მჟავია მედიასთან ამბობს, რომ აღნიშნული პირი „ხოფის ბაზრობაზე“ მუშაობს. ეპიდემილოგოები მისი კონტაქტების პასუხებს ელოდებიან.

იმერეთი

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი ოჯახის სამ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულმა პირებმა კლინიკას თვითდინებით მიმართეს. ოჯახის ერთი წევრი ქუთაისში ცხოვრობს, ორი კი თბილისიდან ქუთაისში დროებით იყო ჩასული.

სამეგრელო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსის, ანზორ ქობალიას ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე ახალი შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში გამოვლინდა. ისინი თბილისში იყვნენ ქორწილში. განმეორებითი ტესტირება უნდა ჩაუტარდეს მათი ოჯახის არასრულწლოვან წევრს. მათთან უშუალოდ კონტაქტში მყოფი 8 ადამიანი კარანტინშია მოთავსებული.

დღის ბოლოს ცნობილი უნდა გახდეს ფოთში გამოკვლეული 52 ადამიანის ტესტის პასუხი, სენაკში კი 50-მდე პირის ტესტის პასუხი უარყოფითია.

რუსთავი

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, ვირუსი 7 პირს დაუდასტურდა.

„მათგან ორი ერთმანეთის კონტაქტია, 5 კი ერთ-ერთი ოჯახის წევრი. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა ინფიცირების პირველწყაროს დადგენის მიზნით“, – ამბობს ის.

ამირან გამყრელიძემ დღეს განაცხადა, რომ რუსთავში ჯამში 15 დადასტურებული შემთხვევაა.