9 თვეში მოკლული 19 ქალი | კონფერენცია „ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი“ გაიმართა

პუბლიკა

„9 თვეში მოკლული 19 ქალი“ – გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ონლაინკონფერენცია „ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი“ გამართა.

ონლაინკონფერენცია მიზნად მონიტორინგის იმ ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკების განხილვას ისახავდა, რომლებიც ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების (ფემიციდის) პრევენციისთვის არსებობს.

სახალხო დამცველის მიერ ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის შედეგად, კვლავაც იკვეთება მსხვერპლის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების, საქმეთა სათანადო კვალიფიკაციისა და გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულის სახელდების პრობლემები.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2020 წლის 9 თვის განმავლობაში (იანვარი-სექტემბერი) 19 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის 12 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, 7 შემთხვევაში კი – სხვა მოტივი. ამასთან, დაფიქსირდა 20 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთაგან 11 შემთხვევა ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ფემიციდის შემთხვევების მონაცემების შეგროვების გაუმჯობესების მიუხედავად, სისტემური ხარვეზების აღმოსაფხვრელად, საქმეთა შესწავლისას მნიშვნელოვანია კომპლექსური მუშაობა.

ასევე, ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგა გაეროს სპეციალური მომხსენებელი ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ – დუბრავკა სიმონოვიჩი, რომელმაც ფემიციდთან ბრძოლის საერთაშორისო მექანიზმები და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული პრაქტიკა მიმოიხილა. ამას გარდა, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მაჰლი, შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი. ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ ისაუბრეს ექსპერტებმა საქართველოდან, არგენტინიდან და სერბეთიდან.

გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმისა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობას. შეხვედრას სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.