სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ 7 პროდუქტს, რომელსაც ფასი შეუნარჩუნდება, დაემატა კიდევ ორი პროდუქტი.
ეს პროდუქტებია:
- ბრინჯი;
- მაკარონი;
- მზესუმზირის ზეთი;
- ფქვილი;
- შაქარი;
- ხორბალი;
- რძის ფხვნილი;
- წიწიბურა;
- ლობიო.
დავითაშვილის თქმით, იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს სავალუტო რისკის დაზღვევის მექანიზმი შესთავაზეს. მინისტრის განცხადებით, მთავრობას აქვს შესაძლებლობა, განსხვავება კონკრეტული ფასიდან და კონკრეტული გაცვლითი კურსიდან აუნაზღაუროს მსხვილ მომწოდებლებს, რათა მათ მნიშვნელოვან პროდუქტებზე ფასი შეინარჩუნონ.
„დღის განმავლობაში ავამოქმედებთ ამ მექანიზმს. შეთანხმება შედგა მსხვილ იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებთან, რომ ისინი გუშინდელი დღის რეჟიმში შეინარჩუნებენ ფასებს. მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა რგოლში მნიშვნელოვანია, გავაკონტროლოთ ფასი და კონკრეტულმა ოპერატორმა არ მოახდინოს ფასის სპეკულირება და ამაზე გვექნება მონიტორინგი“, – განაცხადა დავითაშვილმა.