„თვითონ თემის და ამ სპორტის პოლიტიზირება არ არის კარგი“ – ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტი, იოსებ ტყემალაძე აცხადებს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს რაგბის კავშირმა რუსეთთან მატჩის უკრაინულ ენაზე დაწერილი ანონსი ევროპის რაგბის კავშირის მიმართვის გამო წაშალა.
„ერთი თხოვნა მაქვს, ადამიანური, ისედაც მძიმე ფონია, გვესმის, რომ უკრაინაში მძიმე ფონია, ათას განცხადებებს აკეთებენ, არეულობა… თამაშს ვუბალელშიკოთ, გავიმარჯვოთ, დავამთავროთ“, – ამბობს იოსებ ტყემალაძე „მთავარ არხთან“ სატელეფონო კომენტარში.
რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ბაჩო ხურციძე კი ამბობს, რომ ვინაიდან თამაში ტურნირის ფარგლებში იმართება, შესაძლოა „სხვადასხვა სახის სანქციები დაგვაკისრონ“.
„ამ ტურნირში [ევროპის რაგბის კავშირს] დაქვემდებარებაში ვართ ჩვენ. ეს არის მსოფლიოს შესარჩევი მატჩი. მათი რეგულაციები არეგულირებს ამ თამაშებს და შეუძლიათ სხვადასხვა სახის სანქციები დაგვაკისრონ და შეიძლება ამან რისკის ქვეშ დააყენოს თუნდაც თამაშის გამართვა“, – ამბობს ბაჩო ხურციძე.
საქართველოს რაგბის კავშირმა რუსეთის ნაკრებთან მატჩის წინ უკრაინულ ენაზე დაწერილი ანონსი სოციალურ ქსელში რამდენიმე საათში წაშალა.
რუსული გამოცემა SPORT24.RU-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რაგბის კავშირს ევროპის რაგბის კავშირმა მიმართა.
რუსეთის რაგბის ფედერაციის პრესატაშე ანტონ ხალიზოვის განცხადებით, მათი ფედერაცია ანონსის გავრცელებისთანავე დაუკავშირდა ევროპის რაგბის კავშირს.