„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის თქმით, შემაჯამებელ ოქმებში არსებული დისბალანსი უმეტეს შემთხვევაში „ადამიანურ შეცდომებს“ უკავშირდება. თუმცა, კობახიძის განცხადებით, მარნეულში „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის, ზაურ დარგალისთვის დამატებით მიწერილი 300 ხმა, რომელიც გასაჩივრების შემდეგ საოლქო კომისიამ გააუქმა, „აშკარა მანიპულაცია“ იყო.
„95%-ზე მეტ შემთხვევაში ეს იყო ადამიანური შეცდომები, უზუსტობები. თუმცა მარნეულის შემთხვევა ახსენეთ და იქ არ არის ეს ტექნიკური შეცდომა, იქ არის აშკარა მანიპულაცია, რაც იკვეთება კონკრეტული წარმომადგენლების მიერ, რომლებიც იყვნენ სავარაუდოდ საუბნო საოლქო კომისიებში, რაც არის უხეში გადაცდომა, კანონდარღვევა და ამით, ბუნებრივია, ყველა უნდა დაინტერესდეს. მაგრამ უმეტეს, 95%-ზე მეტ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა ადამიანურ შეცდომას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თქმით, ზოგადად შემაჯამებელი ოქმების დისბალანსი არ არის უჩვეულო მოვლენა და რიგ შემთხვევაში, დისბალანსი „ქართული ოცნების“ საზიანოდაც არის.
„ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, ოქმები ზუსტდება ყველა მიმართულებით და ეს ხდება ყველა არჩევნებზე და ამას მოყვა უამრავი სპეკულაცია, რასაც არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. ოქმები ზუსტდება სხვადასხვა მიმართულებით. არის, მაგალითად, ოქმები, რომელშიც ქართულ ოცნებას აკლია 200 ხმა. რა თქმა უნდა, ზუსტდება აქეთაც და იქითაც ოქმები, სადაც არის უზუსტობები, როცა არასწორად არის შევსებული ოქმები“, – თქვა კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში.