EMC: პრეზიდენტის დასაბუთება შეწყალებაზე თავად შეწყალების კონცეფციას და მიზანს არის აცდენილი

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარის გადაწყვეტილებას ეხმაურება. EMC-ის შეფასებით, ის დასაბუთება, რომელიც პრეზიდენტს აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად, არარელევანტურია და აცდენილი თავად შეწყალების კონცეფციასა და მიზანს.

როგორც EMC წერს, პრეზიდენტმა მის საჯარო განცხადებაში სამი ძირითადი არგუმენტი გამოიყენა. მიუთითა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს მან გაითვალისწინა შემდეგი გარემოებები:

1. საქმის პოლიტიზების კონტექსტი და შეწყალების შემთხვევაში საზოგადოებრივი დაპირისპირების გაღრმავების რისკი;

2. ეკლესიის და ქართული სახელმწიფოს განუყოფლობის იდეა და ეკლესიაზე თავდასხმის პრობლემურობა სახელმწიფოსთვის;

3. პატრიარქის ფიგურის განსაკუთრებული მნიშვნელობა და მისი ავტორიტეტის და სიცოცხლის ხელყოფის მიუღებლობა პირადად მისთვის.

„ყველა ეს არგუმენტი დაუსაბუთებელი და პრობლემურია, რადგან: ცხადია, რომ დეკანოზის შეწყალებაზე უარი პირიქით კლერიკალურ წრეებში დაპირისპირებას გააღრმავებს და ამ საქმით უკმაყოფილო სასულიერო პირების წუხილებსა და საჯარო კრიტიკას გააძლიერებს;

ეკლესიისა და სახელმწიფოს განუყოფლობაზე მსჯელობა აშკარად ამოვარდნილია სეკულარული სახელმწიფოს იდეისგან და დეკანოზის ბრალდების და სასამართლო განაჩენის სუსტი დასაბუთების პირობებში თავდასხმაზე ღიად მსჯელობა საქმის სამართლებრივი და ფაქტორივი გარემოებების უგულებელყოფაა;

იმ პირობებში, როდესაც ოფიციალური ბრალდებით დაზარალებულ პირს პატრიარქის მდივარ-რეფერატი შორენა თეთრუაშვილი წარმოადგენს, პატრიარქის სიცოცლის ხელყოფის არგუმენტის გამოყენება უადგილოა და ის იმეორებს ამ საქმეზე ხელისუფლების მიერ შექმნილ ძველ პოლიტიკურ ნარატივს, რომ მათ სპეციალური სამსახურების დახმარებით ვერაგული დანაშაულისგან იხსნეს სახელმწიფო, ეკლესია და უშუალოდ პატრიარქი. საქმის ამგვარი პოლიტიკური შინაარსი საბოლოოდ გამოძიებამვე უარყო“, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

EMC-ის განცხადებით, ისინი უახლოეს დღეებში პატიმრობაში მყოფი სასულიერო პირის მონახულებას და მისი სამართლებრივი მხარდაჭერის გაგრძელებას გეგმავენ. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება კი შეწყალების მექანიზმის მიმართ ჰუმანურ მოლოდინს ამძიმებს.

„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ამ საქმეზე უფლებების აღდგენისა და ჰუმანური მიდგომის რესურსი არ გამოიყენა და სასულიერო პირი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება შეწყალების მექანიზმის მიმართ ჰუმანურ მოლოდინებს ამძიმებს და ის პრეზიდენტის ხელში თვითნებური პოლიტიკური ბერკეტი უფრო ჩანს, ვიდრე ადამიანის უფლებების და ჰუმანიზმის დაცვაზე ორიენტირებული მექანიზმი“, – წერს EMC.