კალაძე: გვინდა, რომ მთლიანად განვაახლოთ მეტროში ვაგონები, გამოცხადდა ბაზრის კვლევა

პუბლიკა

97 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვის მომზადების მიზნით ბაზრის კვლევა გამოცხადდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაინტერესებულ კომპანიებს წინადადებების წარდგენა 29 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ.

„მეტროს ვაგონების განახლების ყველანაირი რესურსი ამოწურულია. მომდევნო წლებიდან გარკვეული ვაგონების ექსპლუატაციის ვადაც გადის. შესაბამისად, გვინდა, რომ მთლიანად განვაახლოთ ვაგონები მეტროში. ამ მიზნით, გუშინ, 27 ივნისს გამოცხადდა ბაზრის კვლევა 97 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვის მომზადების მიზნით.

შემადგენლობების ჩანაცვლების პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს შვიდ წელს, რომლის ფარგლებშიც, 2030 წლის ჩათვლით, უახლესი, თანამედროვე სტანდარტებით დამზადებული 22 მატარებელი (13 ერთეული 4-ვაგონიანი და 9 ერთეული 5-ვაგონიანი) ეტაპობრივად მოგვეწოდება.

დაინტერესებული კომპანიებისათვის სათანადო ინფორმაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.  დაინტერესებული კომპანიების წინადადებების მიღების ბოლო ვადა განსაზღვრულია 29 ივლისის ჩათვლით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განმარტებით, პირველადი შეფასებით, საორიენტაციო ბიუჯეტი არის დაახლოებით 200 მლნ ევრო. შესყიდვის შედეგად, მატარებლები იქნება „გამჭოლი“ ვაგონებით; „ახმეტელი-ვარკეთილის“ ხაზზე იმოძრავებს 5-ვაგონიანი მატარებლები, გაზრდილი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით.

მისივე თქმით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, პროექტის თანადაფინანსებას ახორციელებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB).