პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი გამოდის ინიციატივით, ნამახვანჰესის თემაზე შესაბამისმა კომიტეტმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენა მოიწვიოს.
მისივე თქმით, მოსმენაზე უნდა დაიბარონ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, ასევე, პროტესტის მონაწილეები, რომლებიც კითხვების დასმას შეძლებენ.
„დღეს ოფიციალურად მივმართავ პარლამენტს, რომ ყველაზე სწორი გამოსავალი ამ ვითარებაში არის, რომ შესაბამისმა კომიტეტმა პარლამენტში მოიწვიოს საკომიტეტო მოსმენა, სადაც დაბარებული იქნება როგორც ქალბატონი ნათია თურნავა, ასევე, გარემოს დაცვის მინისტრი და შესაბამისად, ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის ის ადამიანები, ვინც მართავენ პროტესტს უკვე მრავალი დღეა ამ თემასთან დაკავშირებით. შეკითხვები არსებობს, ამ შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლებამ, ეს არის მათი ვალდებულება. საპარლამენტო საკომიტეტო მოსმენა მე მეჩვენება, რომ არის ყველაზე სწორი ფორუმი მსგავსი განხილვისთვის“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ თბილისში აქცია-მსვლელობები მესამე დღეა მიმდინარეობს. აქცია დღეს, 4 საათზე რესპუბლიკის მოედანზე განახლდება და აქციის მონაწილეები მსვლელობებს დედაქალაქში კვლავ მოაწყობენ.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:
- გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ კონკრეტულ დოკუმენტებს პროექტთან დაკავშირებით;
- გამოცხადდეს მორატორიუმი ქვეყანაში დაგეგმილ ენერგოპროექტებზე და დიალოგის პროცესში განისაზღვროს ქვეყნის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.