თქვენი პრემიერი დასცინის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს, ნაცვლად პასუხებისა - სამადაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა მმართველ გუნდს მიმართა და განაცხადა, რომ ხელისუფლება არ სცემს პასუხს იმ ლეგიტიმურ შეკითხვებს, რომლებიც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს აქვთ და პრემიერ-მინისტრი, ნაცვლად პასუხებისა, მათ დასცინის.

მისი თქმით, უმრავლესობის დეპუტატების გამოსვლები წარმოსახვით, არარეალურ საქართველოზე საუბრობს, მაშინ, როდესაც რეალობა სხვაა.

„მე მინდა შეგახსენოთ, რეალურად სად ცხოვრობთ, სად ცხოვრობს რეალურად საქართველოს მოქალაქეები და სად ცხოვრობთ თქვენ,  და რატომ არის ორი საქართველო.  ეს ორი საქართველოა – ერთი, რომელიც აქ სხედხართ და მეორე, სადაც ცხოვრობს უკლებლივ ყველა ჩვენი მოქალაქე. ამ ორ საქართველოში სრულიად სხვადასხვა რამ ხდება.

ის საქართველო, რომელიც არის ჭიათურაში; საქართველო, რომელიც არის ბორჯომში; საქართველო, რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის; ადამიანები, რომლებიც ჩამოვიდნენ თბილისში, იმიტომ რომ ვერ გაიგეს პასუხი ვერცერთ შეკითხვაზე, რაც უკავშირდება ჰესის მშენებლობას, დღეს მათ თქვენი პრემიერ-მინისტრი დასცინის და ბნელებს ეძახის, იმის ნაცვლად, რომ პასუხი გასცეს მათ შეკითხვებს. აი ეს საქართველო თქვენგან ითხოვს პასუხებს და ეს პასუხები უნდა ისმოდეს პარლამენტში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილმა მიმართა უმრავლესობას და ასევე ეკონომიკის კომიტეტს – რატომ არ იწვევენ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას გარემოს დაცვის მინისტრს ლევან დავითაშვილს, რადგან მოქალაქეებს აქვთ კითხვები ჰესის პროექტთან დაკავშირებით.

„მე მაინტერესებს სად არის პარლამენტის ეკონომიკის შესაბამისი კომიტეტი და რატომ არ იწვევს მოსმენაზე ქალბატონ თურნავას და გარემოს დაცვის მინისტრს და რატომ არ სცემს იმ შეკითხვებს პასუხს, რომელიც ძალიან ლეგიტიმურად აქვს ჩენს მოქალაქეებს. რას აკეთებთ აქ და რისთვის გიხდით ქართველი ხალხი ხელფასს?“ – განაცხადა სამადაშვილმა.