საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევნებს შიდაკლანურ როტაციად აფასებს.
ორგანიზაცია წერს, რომ დღეს მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი გამოწვევა კლანური მმართველობა და მისი ალიანსია ხელისუფლებასთან.
საიას თქმით, მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს გააჩნია სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე ზეგავლენის მოხდენის ეფექტიანი ბერკეტები. მათივე თქმით, კლანის ძირითადი საყრდენი იუსტიციის უმაღლესი საბჭოა, რომელიც იღებს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს.
ორგანიზაცია ეხმაურება 2021 წლის 26 მაისს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის სხდომის დაინიშვნას, რომელზეც საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევაა დაგეგმილი.
„წლების განმავლობაში ამ პროცესზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ის ძირითადად არაკონკურეტულ გარემოში მიმდინარეობს და საბჭოს შემადგენლობაში, როგორც წესი, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ლიდერები ხვდებიან, რომელთა უმრავლესობასაც უკავია ან წლების მანძილზე ეკავა მენეჯერული თანამდებობა.
არჩევნები განახლებასთან და ახალ პერსპექტივებთან ასოცირდება, თუმცა მოლოდინები ამ შემთხვევაში უსაფუძვლოა“, – წერს ორგანიზაცია.
საია მიიჩნევს, რომ ეს არის როტაცია კლანისადმი ლოიალურად განწყობილ პირებს შორის, სადაც საბჭოს მოქმედ მოსამართლე წევრებს, გავლენიანი ჯგუფის კონტროლს დაქვემდებარებული სხვა მოსამართლეები ჩაანაცვლებენ.