შენიშვნებზე მომზადდა „შეთანხმების ფურცელი”, რომელსაც იუსტიციის სამინისტროც დაეთანხმა - GEDF

პუბლიკა

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი (GEDF) განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ნამახვანჰესის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას ეხება. ფონდის თქმით, GEDF წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს, რომელიც ჩართული იყო კონტრაქტის მომზადებასა და შეჯერებაში. ფონდის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ისეთი კონტრაქტის მომზადება და გაფორმება, როგორიცაა BOO (მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის) ხელშეკრულების პროექტი არაერთ ეტაპს მოიცავს. არამართებულია დღეს გავრცელებული დოკუმენტების სპეკულაციურად, სათანადო კონტექსტის გარეშე აღქმა.

იუსტიციის სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მოამზადა ხელშეკრულების იურიდიულ ასპექტთან დაკავშირებული შენიშვნები, რომელიც არ ეხებოდა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ ნაწილს.

შენიშვნებთან დაკავშირებით მომზადდა მეორე დოკუმენტი – „შეთანხმების ფურცელი”, რომელიც განიხილა მთავრობამ და რომელსაც დაეთანხმა იუსტიციის სამინისტროც. იუსტიციის სამინისტროს საბოლოო თანხმობის და ვიზირების გარეშე მთავრობა ვერ გააფორმებდა საბოლოო ხელშეკრულებას.

დღეს მედიაში გავრცელდა როგორც იუსტიციის სამინისტროს შენიშვნები, აგრეთვე მთავრობის სხდომაზე განხილული შენიშვნების ფურცელი. დაინტერესებულ საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ მსგავსი დოკუმენტები დგება ყველა იდენტური შემთხვევისაც, როდესაც ამგვარი ხელშეკრულების დადების აუცილებლობა დგება.

ნამახვანჰესის ხელშეკრულება პასუხობს ყველა აუცილებელ სტანდარტს და კანონის მოთხოვნას და ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართულ მხარეებს მოვუწოდებთ გავრცელებული დოკუმენტების გამოყენებით და სპეკულაციით ნუ გააჩენენ საზოგადოებაში მცდარ განცდებს, თითქოსდა რაიმე საიდუმლოსთან ან მხილებასთან გვაქვს საქმე.

იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტში შემავალი ყველა სავალდებულო შენიშვნა დადებული ხელშეკრულების საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულ იქნა, ხოლო არასავალდებულო შენიშვნებთან დაკავშირებით სხვადასხვა დასაბუთებაზე მიღებული გადაწყვეტილება დადგა, რაც ასახულია შენიშვნების ფურცელში“, – აღნიშნულია განცხადებაში.


სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (ყოფილი EMC) დღეს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის შეფასება გამოაქვეყნა. ორგანიზაციის განცხადებაში ასევე საუბარია შენიშვნების ფურცელთან დაკავშირებითაც.

„იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გამჟღავნების შემდეგ მედიაში გავრცელდა „შეთანხმების ფურცელი“, რომელშიც, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ცნობით, შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობაა ასახული. ამ დოკუმენტშიც, არა ერთ შენიშვნაზე მითითებულია, რომ გათვალისწინებული არ იქნა, მაგალითად, იმიტომ, რომ „ინვესტორი არ ეთანხმება შენიშვნის შინაარსს“. თუმცა, კიდევ უფრო საყურადღებოა ის პუნქტები, რომლებიც ამ დოკუმენტის მიხედვით „გათვალისწინებულია“.

იუსტიციის სამინისტროს შენიშვნების დიდი ნაწილი, ფორმულირებულია იმგვარად, რომ სამინისტრო ხელშეკრულების პრობლემური მუხლების გადახედვას მოითხოვს, შესაბამისი დასაბუთებით; შესაბამისად, ყველა იმ შენიშვნაზე, რომელშიც იუსტიციის სამინისტრო ხელშეკრულების ესა თუ ის მუხლი პრობლემურად მიაჩნია და ამიტომ ეკონომიკის სამინისტროს მისი გადახედვისკენ მოუწოდებს, შეთანხმების ფურცელი, მიუთითებს, რომ შენიშვნა გათვალისწინებული იქნა, რადგან „საკითხი განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინა საქართველოს მთავრობას“ – გათვალისწინებაში მხოლოდ მთავრობისთვის წარდგენა და, შესაბამისად, გადახედვა/“დამატებით შეფასება“ იგულისხმება, თუმცა გადახედვის შემდგომ, რატომ არ იქნა ასახული შესაბამისი შენიშვნა ხელშეკრულებაში – დასაბუთებული არ არის. შესაბამისად, ეს დოკუმენტიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იუსტიციის სამინისტროს შენიშვნების უდიდესი ნაწილი ხელშეკრულების პროექტში გათვალისწინებული არ არის”, – ნათქვამია განცხადებაში.