შსს-მ გუმათჰესთან რკინის ღობეები კვლავ აღმართა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუმათჰესთან რკინის ღობეები კვლავ აღმართა, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” ადგილზე მყოფმა აქტივისტმა ზვიად ფალავანდიშვილმა დაუდასტურა.

„სპეცრაზმიც აიყვანეს ზევით, ასე 2 ავტობუსით. ასევე, შეიყვანეს სამშენებლო ტექნიკა, გამთენიისას”, – ამბობს ის.


11 აპრილს პოლიციამ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები აიღო. ამ დღიდან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათჰესთან არიან შეკრებილი. პოლიციას ამ ადგილზე გზა აქვს გადაკეტილი. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მოითხოვენ, რომ პოლიციამ მათ სოფელ ნამოხვანში გადაადგილებისა და იქ პროტესტის საშუალება მისცეს.

17 აპრილს პოლიციამ გუმათჰესთან პოლიციამ რკინის კედელი გზის სავალი ნაწილიდან აიღო, თუმცა გზაზე ჯებირები მაინც დარჩა და გადაადგილებაც კვლავ შეზღუდულია. დღეს კი გზის სავალ ნაწილზე კვლავ დააბრუნეს რკინის ღობის აღნიშნული ნაწილი.


მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქციებს თბილისში მეოთხე დღეა მართავს. მათ დღეს, აქციის შემდეგ რიონის ხეობაში დაბრუნება დაანონსეს. მოძრაობის ლიდერის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი რიონის ხეობის ბლოკირებას მოახდენენ.

„რიონის ხეობაში დაძვრა არავის ეგონოს, რომ იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი, ჩვენ მივდივართ ბრძოლის წინა ხაზზე. იქ დასრულდება ყველაფერი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, იყოს ადეკვატური, გაითვალისწინოს საზოგადოების სამართლიანი და არგუმენტირებული მოთხოვნა. ნუ შეიყვანს ამ პროცესებს კიდევ უფრო მეტად ჩიხში, საიდანაც გამოსვლა შეიძლება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდეს. ამიტომ თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული ხვალამდე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, დავიძრებით რიონის ხეობისკენ და მოვახდენთ ორივე მხრიდან ხეობის ბლოკირებას და ვერავინ ვერ შევა იქ და ვერ გამოვა იქიდან”, – განაცხადა გოლეთიანმა გუშინ, 25 მაისს.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:

  1. გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
  4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ კონკრეტულ დოკუმენტებს პროექტთან დაკავშირებით;
  5. გამოცხადდეს მორატორიუმი ქვეყანაში დაგეგმილ ენერგოპროექტებზე და დიალოგის პროცესში განისაზღვროს ქვეყნის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.