„ბორჯომის" კომპანიის ახალ დირექტორსა და გაფიცულებს შორის მოლაპარაკება შედგა - პროფკავშირი

პუბლიკა

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს”თანამშრომლების გაფიცვა კომპანიასთან შეთანხმებით დასრულდა.

პროფკავშირების ცნობით, 8 დღიანი სრულმასშტაბიანი გაფიცვის შემდეგ დასაქმებულებს, პროფკავშირებსა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა. დასაქმებულთა მოთხოვნების უმეტესი ნაწილი დაკმაყოფილდება, ხელფასები გაიზრდება და შრომითი პირობები გაუმჯობესდება.

როგორც პროფკავშირების წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე აცხადებს, კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ გაზარდოს თანამშრომლების ანაზღაურება, ასევე ანაზღაურდება ზეგანაკვეთური შრომა. მისივე თქმით, კომპანია იძლევა გარანტიას, რომ არ გამოიყენებს რეპრესიულ ღონისძიებებს გაფიცული თანამშრომლების მიმართ და იძლევა გარანტიას, რომ შეინარჩუნებს ყველა არსებულ სოციალურ პროექტს და გააგრძელებს მუშაობას ამ მიმართულების განვითარებისთვის.

დიასამიძე ამბობს, რომ კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ითანამშრომლოს პროფკავშირებთან შრომის პირობების, მათ შორის ღამის საათებში დამატებითი ანაზღაურების და შრომის დაცვის საკითხთან დაკავშირებით და რეგულარულ საწყისზე მოახდენს ინფორმაციის გაცვლას.

მხარეები გააგრძელებენ მოლაპარაკებებს კოლექტიური ხელშეკრულების გასაფორმებლად.

„ბორჯომის“ ქარხნის მუშები 18 მაისს გაიფიცნენ. დასაქმებულების ინფორმაციით, ორი ქარხნიდან გაიფიცა დაახლოებით 350-მდე მუშა.

გაფიცვის გადაწყვეტილებამდე კომპანიას, დასაქმებულებსა და აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირებს შორის 21-დღიანი მედიაციის პროცესი მოლაპარაკების გარეშე დამთავრდა.

დასაქმებულები ღირსეული შრომის პირობებს მოითხოვდნენ. მათი ძირითადი მოთხოვნები იყო: ხელფასის გაზრდა, დასვენებისა და შესვენების უფლება და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვა. გაფიცვის ორგანიზატორი აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი იყო.