თბილისის მოსახლეობას გაზის ტარიფი გაეზრდება. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ტარიფის ცვლილება კომპანიის 20 მილიონიანმა დავალიანებამ გამოიწვია.
„თბილისი ენერჯის“ აბონენტები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში დაახლოებით 8 თეთრით მეტს გადაიხდიან.
სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯის“ აბონენტებს 46,138 თეთრის ნაცვლად 53,972-ის გადახდა მოუწევთ დღგ-ს ჩათვლით.
„კომპანია „თბილისი ენერჯიმ” მომართა მარეგულირებელ კომისიას სამომხმარებლო ტარიფის გადახედვის მიზნით, ვინაიდან მათ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 20 მლნ. ლარზე მეტი ზარალი დაუგროვდათ. მნიშვნელოვანია გადაიხედოს ტარიფები იმ თვალსაზრისით, რომ მათი ზარალი, რომელიც ლარის კურსის გაუარესების შედეგად მიიღეს, დაკომპენსირდეს. ჩვენ როცა ტარიფი დავადგინეთ კურსი იყო 2.97. ამის შემდეგ კომპანიას უფრო ძვირად უწევდა ენერგიის ყიდვა, ვიდრე ჩვენს მიერ დადგენილი ტარიფით ხდებოდა მოსახლეობისთვის მიწოდება. სწორედ ამან გამოიწვია კომპანიისთვის ზარალის დაგროვება. იმისთვის, რომ კომპანია გაიმართოს და შეძლოს უსაფრთხოდ, დადგენილი წესების მიხედვით ბუნებრივი აირის მიწოდება, მნიშვნელოვანია ეს არსებითი გადახრა გასწორდეს“,- განაცხადა ნარმანიამ.