სიტყვა „მოვლენა“ უნდა ამოვიღოთ და მომხდარ დანაშაულებს შევახოთ ამნისტია - კახიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ ამნისტიის კანონპროექტს განიხილავენ.

უმრავლესობის დეპუტატმა კახი კახიშვილმა განაცხადა, რომ II მოსმენისთვის უნდა შეიცვალოს ფორმულირება, კერძოდ ამნისტია არ ეხება ზოგადად 20 ივნისის მოვლენებს, არამედ უნდა შეეხოს კონკრეტულ მუხლებს. კახიშვილის ვერსიით, უნდა დაზუსტდეს, რომ ამნისტია არ შეეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, მათ შორის, მკვლელობის მცდელობას.

„ზოგადად ამნისტია ეხება არა მოვლენას, არამედ დანაშაულს. ვფიქრობ, სიტყვა „მოვლენა“ უნდა ამოვიღოთ და 19-21 რიცხვში მომხდარ დანაშაულებს უნდა შევახოთ და არა მოვლენას. მოვლენა, ეს არის მოვლენა. დანაშაული აღრიცხულია სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით. ვფიქრობ, მუხლებზე უნდა გადავიდეთ და არა ზოგადად მოვლენის შეფასებაზე“, – განაცხადა მან.

კახა კახიშვილის ვერსიით უნდა დაზუსტდეს ასევე დანაშაულის ჩადენის ლოკაცია – სად მოხდა დანაშაული, რუსთაველის გამზირზე თუ თბილისის სხვა უბნებშიც.

„ჩვენ დღეს ვსაუბრობთ იმ დანაშაულზე, რომელიც რეგისტრირებულია ოფიციალურად და ვიცით, რომ დანაშაული მოხდა, მაგრამ თეორიულად შესაძლებელია, კონკრეტული დანაშაული რეგისტრირებული არაა, რადგან არც დაზარალებულმა და არც დანაშაულის ჩამდენმა არ შეატყობინეს პოლიციას და ამის შესახებ გავიგოთ რამდენიმე წლის შემდეგ. იურიდიული ტექნიკიდან გამომდინარე, ზოგად პრინციპებზე საუბარი იქნება არასწორი. ვფიქრობ, უნდა ჩამოვთვალოთ მუხლები, კონკრეტულად რომელს შეეხება, ჩადენილი დანაშაულის ტერიტორიას და შინაარსს და ვთქვათ, რომ ეს ამნისტია არ ეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს. თქვენ მოიყვანეთ 117-ე მხული, მე ვიტყოდი დამატებით მკვლელობის მცდელობას.

თუ ვსაუბრობთ, რომ მკვლელობის მცდელობა არ მომხდარა, ეს იმიტომ, რომ რეგისტრაციაში არ გატარებულა, მაგრამ შესაძლებელია, ვიღაცას მიაყენეს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დაზიანება, არ მიმართეს საავადმყოფოს, მკურნალობდა სახლში, შემდეგ გარდაიცვალა და რას ვაკეთებთ მერე?“, – განაცხადა კახი კახიშვილმა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, კანონპროექტში ნახსენებია მოვლენაც და დანაშაულიც. მან კახიშვილს კანონპროექტის პირველ მუხლზე მიუთითა. მისი თქმით, თუ რამის დაზუსტებაა შესაძლებელი, მეორე მოსმენის ფარგლებში დაზუსტდება.

რაც შეეხება ტერიოტრიას და ადგილს, ოხანაშვილის თქმით, ეს უკავშირდება პარლამენტში შეჭრის მცდელობას და პოლიციელებზე ძალადობას, ასევე სამართალდამცველების რეაგირებას დანაშაულებრივ ქმედებებზე, რაც მხოლოდ რუსთაველზე არ მომხდარა.


„ქართული ოცნების“ კანონპროექტი

მუხლი 1.

1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება პირობით მსჯავრზეც.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, მსჯავრდებულს არ დაუბრუნდება

მუხლი 2.

ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 144-1443 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.


ოპოზიცია და მმართველი გუნდი ამნისტიის საერთო კანონპროექტზე ვერ თანხმდება.

მმართველი გუნდისთვის მიუღებელია ოპოზიციის ვერსია, რომლის მიხედვით, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული პოლიციელების ამნისტია დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ამნისტია უნდა შეეხოს კონკრეტულ ორ მუხლს და არა 20 ივნისის საქმეზე ყველა შესაძლო დანაშაულს და ასევე ოპოზიციის კანონპროექტი არ ითვალისწინებს იმ პირის თანხმობას, ვისზეც გავრცელდება ამნისტია.

რა წერია მიშელის დოკუმენტში ამნისტიაზე:

საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.