საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის ორივე კანონპროექტი განიხილა, 87 ხმით კი მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ვერსიას. წინააღმდეგი 9 დეპუტატი იყო.
აღნიშნულ კანონპროექტში აისახება გარკვეული შენიშვნები და დოკუმენტი ამ სახით გავა II მოსმენაზე – ეს პირობა დადო ავტორმა, ანრი ოხანაშვილმა, თუმცა ცვლილება არ იქნება ბრალდებული პირის ამნისტიაზე თანხმობის მექანიზმის ამოღება – სწორედ ამ საკითხზე ჰქონდა ყველაზე მეტი შეკითხვა ოპოზიციას. მათი თქმით, ამნისტიის პროექტში ეს მექანიზმი არ არის ზოგადად ამნისტიის პრაქტიკასთან შესაბამისობაში და ემსახურება ნიკა მელიას ღირსების შელახვას.
ოპოზიციის ინიციატივით, მათ მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტი კენჭისყრაზე არ გავიდა.
„ქართული ოცნების“ წევრები დისკრიმინაციულად მიიჩნევენ ოპოზიციურ პროექტში ჩადებულ დათქმას, რომელიც დაზარალებულთა თანხმობას ითვალისწინებს. მათი განცხადებით, საჯარო პოლიტიკური პირების დანაშაულებზე დაზარალებულთა თანხმობა არ ვრცელდება, არადა ისინი არიან მეტად პასუხისმგებელნი, ვიდრე სამართლადამცველები, რომლებიც ბრძანებას ასრულებდნენ. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ კანონპროექტი არ არის შესაბამისობაში მიშელის დოკუმენტთან, რადგან დოკუმენტში ჩაწერილია: „პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება“.
„ქართული ოცნების“ კანონპროექტი
მუხლი 1.
1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება პირობით მსჯავრზეც.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, მსჯავრდებულს არ დაუბრუნდება
მუხლი 2.
ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 1441 -1443 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.
ოპოზიციის კანონპროექტი
მუხლი 1
1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილით ბრალდებული/მსჯავრდებული პირი და მოეხსნას მას ნასამართლობა.
2. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე3 ნაწილის ბ) ქვეპუნქტით ბრალდებული/მსჯავრდებული პირი, გარდა იმ პირისა რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს, და მოეხსნას მას ნასამართლობა.
3. გათავისუფლდეს ადმინისტრაციული სახდელისგან პირი, რომელსაც ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, 173-ე და 174 პრიმა მუხლების შესაბამისად, თუ ასეთი სახდელი ამ კანონის ამოქმედებამდე აღსრულებული არ ყოფილა.
მუხლი 2
ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამავე კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირზე, თუ მისი ბრალდება/მსჯავრდება ან მასზე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება დაკავშირებულია 2019 წლის 19-21 ივნისს განვითარებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობასთან ან აქციის მიმდინარეობისა და მისი აღკვეთის დროს განხორციელებულ საპოლიციო ღონისძიებებთან.
მუხლი 3
ამ კანონის მოქმედება ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირზე ვრცელდება შესაბამისი დაზარალებულის (ფიზიკური პირის) ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.
რა წერია მიშელის დოკუმენტში ამნისტიაზე:
საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.