შსს-ს ცნობით, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის” თანადამფუძნებლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით, თბილისში ერთი პირი დააკავეს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 25 მაისს, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებთან ერთად გადაადგილდებოდა თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მედიაჰოლდინგის, „ჯორჯიან თაიმსის” ოფისის წინ, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე მედიაჰოლდინგის თანადამფუძნებელს – 1994 წელს დაბადებულ პ. გ.-ს, კერძოდ, დროშის ტარი ჩაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სახის არეში დაზიანება მიიღო.
„სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მომხდარიდან მეორე დღეს ბრალდებულის სახით დააკავეს. ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.