ნამახვანჰესის ხელშეკრულება პროტესტის შედეგების კომპენსირებასაც ითვალისწინებს

პუბლიკა

2019 წლის 25 აპრილს საქართველოს მთავრობას, სახელმწიფო კომპანიებსა და შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმდა ნამოხვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე, იუსტიციის სამინისტროც კრიტიკულად აფასებს.

ხელშეკრულების მე-8 მუხლი ფორსმაჟორსა და კომპენსირებად შემთხვევებს ეთმობა. სწორედ ამ მუხლში ერთმანეთისგან არის გამიჯნული პოლიტიკური და არაპოლიტიკური ფორსმაჟორული გარემოებები.

ხელშეკრულების მიხედვით, პოლიტიკურ ფორსმაჟორად, სხვა შემთხვევებთან ერთად, განიხილება „ნებისმიერი საჯარო აგიტაცია ან პროტესტი, რაც ხელს უშლის მშენებლობას ან „პროექტის“ ოპერირებას ან ზოგადად პროექტს და ხანგრძლივობით აღემატება 21 დღეს ჯამში ნებისმიერი 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში“

პოლიტიკური ფორსმაჟორული გარემოება იმ მოვლენათა ჩამონათვალშია, როდესაც კომპანია უფლებამოსილია, მოითხოვოს კომპენსაცია. ხელშეკრულების მიხედვით, არც მთავრობა და არც რომელიმე საჯარო დაწესებულება არ თავისუფლდება ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისგან პოლიტიკური ფორსმაჟორის გამო.

ხელშეკრულებაში ასევე საუბარია იმ პროცედურებზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მხარეები „საკომპენსაციო შეტყობინების” გაგზავნის შემდეგ, რათა ასევე შეჯერდნენ გადასახდელი კომპენსაციის ოდენობაზე.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპენსაცია ოდენობის დადგენის შემდეგ მთავრობამ 30 დღეში უნდა გადაიხადოს.

ხელშეკრულების 8.2.3 მუხლის თანახმად, მთავრობა ვალდებულია, კომპანიას აუნაზღაუროს კომპენსირებადი შემთხვევით გამოწვეული ნებისმიერი გაზრდილი ხარჯი, შემცირებული შემოსავალი ან ნებისმიერი სხვა „დანაკარგი“. „დანაკარგი“ ხელშეკრულებით განმარტებული ტერმინია და მოიცავს, მათ შორის, ნებისმიერ დანაკარგს, ზიანს, ფინანსურ პასუხისმგებლობას, ჯარიმას, სხვა ხარჯს, დაკარგულ მოგებას, ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას, საქმის დაკარგვას და სხვა.


ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 4 მარტს გამოაქვეყნა ხელშეკრულების შეფასება,  რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების თანახმად, მთავრობის ფინანსურ პასუხისმგებლობას იწვევს ჩამოთვლილი მოვლენებით გამოწვეული კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ნებისმიერი გაუარესება და პასუხისმგებლობის არანაირი ზღვარი თუ არსებითი გავლენის კრიტერიუმი დადგენილი არ არის.

„უნდა ითქვას, რომ პოლიტიკური ფორსმაჟორის სახელშეკრულებო განმარტებისა და მასში შემავალი მოვლენების (ომის, უცხო სახელმწიფოს შემოჭრის, შეიარაღებული კონფლიქტის, ბლოკადის, აჯანყების…) ბუნების გათვალისწინებით, გაუგებარია, რატომ არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან სახელმწიფო, მათი დადგომის შემთხვევაში. როგორც ითქვა, პოლიტიკური ფორსმაჟორული გარემოებების ნაწილზე სახელმწიფოს ძალიან მცირე კონტროლი აქვს, ხოლო დანარჩენებზე – საერთოდ არ აქვს. აქედან გამომდინარე, მისი პასუხისმგებლობის ძალაში დატოვება, ხოლო კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის საპატიოდ ჩათვლა, დაუბალანსებელი ჩანაწერია, რომელიც მაქსიმალურად იცავს კომპანიის ინტერესებს და პირიქით, უგულებელყოფს სახელმწიფოსას“, – აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებაში.

ხელშეკრულების სხვა ნაწილებთან ერთად მე-8 მუხლი კრიტიკულად არის შეფასებული იუსტიციის სამინისტროს შეფასების დოკუმენტშიც. სამინისტროს დოკუმენტი 25 მაისს „მთის ამბებმა“ მოიპოვა და გაასაჯაროვა:

„სახელშეკრულება სამართალში, ზოგადად, ფორს-მაჟორის განმარტებიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ხდომილებებსა და გარემოებებს, რომელიც არცერთი მხარის კონტროლის ქვეშ არ არის, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია ამ სამართლებრივი კატეგორიის ხელშეკრულების მხარის დასჯის მექანიზმად გამოყენება, რაზეც აპელირებს ხელშეკრულების პროექტის 8.1.8 და 8.2.1 მუხლები; განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ფორს-მაჟრიდან გამომდინარე გარემოებების უმეტესობა, მათი წინასწარ განუსაზღვრელი ბუნებისა და მხარის ბრალის არარსებობის აღიარების მიუხედავად, მაინც მიემართება ხელშეკრულების ერთ მხარეს – საქართველოს მთავრობას და ასევე წარმოადგენს მის პასუხისმგებლობას, ფორსმაჟორის „კომპენსირებად შემთხვევას“ განმარტების პირობებში“, – აღნიშნიულია იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტში.