რა ვიცით კორონავირუსის ე.წ. ინდურ შტამზე

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამიც დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალი შტამი უცხო ქვეყნიდან შემოსულ 5 მოქალაქეს აღმოაჩნდა.

ინდური შტამი კორონავირუსის ჯერჯერობით ბოლო მუტაციაა. კორონავირუსის ახალმა შტამმა, როგორც ე.წ. ბრიტანულმა, სახელწოდება იმ ქვეყნის მიხედვით მიიღო, სადაც პირველად დააფიქსირეს.

ჯერჯერობით უცნობია, გამოიწვია თუ არა ახალმა შტამმა ინდოეთში ვირუსის ბოლო ორ თვეში სწრაფად გავრცელება, რამაც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა გამოიწვია. ვრცელდებოდა კადრები, როგორ ცდილობდნენ მოქალაქეები მკურნალობას სახლის პირობებში, ყიდულობდნენ წამლებს შავ ბაზარზე, გარდაცვლილებს კი ერთად უტარებდნენ კრემაციას.

როგორ ჩნდება ვირუსის ახალი შტამები და რამდენად განსხვავებულია ახალი, ე.წ ინდური შტამი, უნდა ველოდოთ თუ არა ვირუსული აფეთქების ახალ ტალღას საქართველოში? „პუბლიკა“ ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს ესაუბრა.

კორონავირუსის გამოჩენიდან წლინახევრის შემდეგ ვირუსის ახალ შტამებზე ვსაუბრობთ. თავდაპირველად ბრიტანული შტამი გამოჩნდა, ბოლოს კი ინდური. რას ნიშნავს ახალი შტამი?

ზოგადად, ინფექციურ აგენტებს, განსაკუთრებით ვირუსებს ახასიათებთ მუტაციები. გამრავლების დროს მათ გენეტიკურ მასალაში ხდება ცვლილებები და ამის საფუძველზე იქმნება ახალი ტიპის ვირუსი.

ეს ცვლილება შეიძლება იყოს ძალიან უმნიშვნელო და მცირე, მაგრამ შეიძლება იყოს მკვეთრად გამოხატულიც, რამაც მოგცეს განსხვავებული თვისებების მქონე ვირუსი. ასე ყალიბდება ახალი მუტაციური შტამები.

კორონავირუსთან დაკავშირებით, პანდემიის დასაწყისში ისეთი განწყობა შეიქმნა, რომ მას შედარებით მყარი გენომი ჰქონდა და ნაკლებად ახასიათებდა მუტაციები. მაგრამ ბოლო თვეებში დამტკიცდა, რომ ასე არ არის და მოგვევლინა რამდენიმე ახალი შტამი.

მათ შორის ერთ-ერთი ბოლოა ინდური შტამი, რომელიც განსაკუთრებით აშფოთებთ ადამიანებს. თუმცა, ამ შფოთვას ობიექტურთან ერთად სუბიექტური მიზეზებიც აქვს. სუბიექტური არის ის, რომ ვრცელდებოდა კადრები ინდოეთიდან, რომლებიც ძალიან აშინებდათ ადამიანებს. კადრებში ჩანდა, რომ ქუჩებში იდგა ჟანგბადის ბალონები, საველე პირობებში ადამიანებს კრემაციას უკეთებდნენ.

ამ ინფორმაციის ნაწილი გაზვიადებულად ჩანდა. კრემაცია მათი კულტურის ნაწილია და გასაგებია ისიც, რომ კოვიდის გამო გარდაცვლილთა რიცხვმა მკვეთრად მოიმატა და ამან შექმნა ის სურათი.

თუმცა, ობიექტური მიზეზებიც არსებობს, რა თქმა უნდა, ვაქცინების მხრიდან შედარებით დაბალი ეფექტიანობისა და განსხვავებული თვისებების გამო.

რით არის განსხვავებული ინდური შტამი?

აქვს განსხვავებული თვისებები კლასიკური და ბრიტანული შტამისგან. მაგალითად, ახალგაზრდებში გვხვდება და მიმდინარეობს უფრო რთული ფორმებითაც. რაც კლასიკურ ვარიანტს, ვიცით, რომ ნაკლებად ახასიათებს.

ასევე აქვს განსხვავებული სიმპტომიც – ის კლასიკური კოვიდთან შედარებით უფრო მეტად მიმდინარეობს დიარეით.

ამასთან ერთად, როგორც ყველა მუტაციურ შტამს, მასაც წინამორბედებთან შედარებით ახასიათებს უფრო მეტად გავრცელების უნარი. ინდური ბრიტანულზე სწრაფად ვრცელდება, ბრიტანული კლასიკურ ვარიანტზე სწრაფად.

რაც შეეხება ლეტალობას, ამაზე წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არ აქვს სიკვდილობის უფრო მეტი რისკი.

ეს ყველაფერი ჯერჯერობით მაინც ფრაგმენტულია და არ გვაქვს კვლევები, თუმცა, ჩანს, რომ სხვა გამორჩეული თვისებები და სიმპტომები მას არ ახასიათებს.

შეძლებენ ვაქცინები მის შეკავებას?

ვაქცინებს რაც შეეხება, ინდური შტამის მიმართ „ფაიზერი“ უფრო ეფექტიანია. თუკი, ის კლასიკურ შტამზე ეფექტიანობის 95%-ს აღწევდა, ამ შტამი შემთხვევაში, 88%-ის მისი ეფექტიანობა.

„ასტრაზენეკას“ შემთხვევაში ჩამორჩენა ცოტა მეტია და ინდურ შტამზე, დღეს არსებული მონაცემებით, ეფექტიანობა 60%-ია.

რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს, ჯერჯერობით მყარი სამეცნიერო ინფორმაცია არ ვრცელდება. გაჟღერდა, რომ ჩინური ვაქცინებიც ეფექტიანია, მაგრამ ზუსტად ეს პროცენტები არ იკვეთება.

დაინფიცირდებიან თუ არა ისინი, ვისაც უკვე გადატანილი აქვთ ვირუსის სხვა შტამი?

ინდური შტამი როგორც ახალი ვირუსი, რა თქმა უნდა, ასე არ გვევლინება და ამ შემთხვევაში, ბუნებრივმა იმუნიტეტმა უნდა დაიცვას ადამიანი. თუმცა, რაიმე დასაყრდენი, სამეცნიერო კვლევები ნაკლებად არის. წინასწარი ინფორმაცია რაც ვრცელდება, აქაც გადატანილი ინფექციის ანტისხეულები შედარებით ნაკლებად იცავს ინდური შტამისგან, ვიდრე იმ შტამის ვირუსული ინფექციისგან, რომელიც ადამიანმა გადაიტანა.

უნდა ველოდოთ თუ არა ახალ ტალღას უახლოეს მომავალში?

ამის მტკიცება ზოგადად ძნელია, პროგნოზები, როგორც ვნახეთ, წარსულშიც არ ამართლებდა. ვფიქრობ, მაინც ნაკლებად მოსალოდნელია ზაფხულში ვირუსული აფეთქება. მაგრამ, გამორიცხულიც არაფერია და ჰოსპიტალური სექტორი უნდა იყოს მზად.

რამდენად სწრაფად შეიძლება მოხდეს ვაქცინების მოდიფიცირება ახალ შტამებთან გასამკლავებლად?

გენეტიკურ ტექნოლოგიებზე დამყარებული ვაქცინებისთვის, როგორიცაა, „ფაიზერი“, „მოდერნა“ და „ასტრაზენეკა“, უფრო ადვილია ახალ შტამებზე მორგება. განსაკუთრებით მარტივია რნმ ვაქცინებზე, რადგან მწარმოებლებს შეუძლიათ ახალი შტამის შესაბამისად შედარებით სწრაფად შეძლონ ტექნოლოგიის მოდიფიკაციაც.

იგივე არ ითქმის იმ ვაქცინებზე, რასაც ხალხი „ტრაციდიული გზით დამზადებულ ვაქცინას“ უწოდებს, მათ შორის, ჩინურზე. ამ ტექნოლოგიის სწრაფი მოდიფიკაცია უფრო რთული იქნება.