„მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ამბიციის შემცირება“ - კალიურანდი საქართველოს EU-ში გაწევრებაზე

პუბლიკა

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდმა Euractiv-ის კონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით ამბიცია და მოლოდინი უნდა შეამციროს.

კალიურანდს კონფერენციაზე ჰკითხეს, როგორ უყურებს ევროპარლამენტი საქართველოს 2024 წელს გასაკეთებელ განაცხადს ევროკავშირის წევრობის შესახებ? – რაზეც ევროპარლამენტარმა უპასუხა:

„რთული შეკითხვაა, რადგან ყველა ერს აქვს უფლება, განკარგოს საკუთარი მომავალი და საქართველოსაც აქვს უფლება განაცხადი შეიტანოს ორგანიზაციაში, რომლის წევრობაც სურს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მოსაზრებები იკითხოთ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც ევროკავშირში ერთსულოვან მხარდაჭერას საჭიროებს. ეს გაფართოების ერთადერთი გზაა.

ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ევროკავშირში კონენსუსი არ გვაქს — ასეთია რეალობა. ამიტომ ამდენად დიდ ყურადღებას არ დავუთმობ წევრობის საკითხს, რადგან, როგორც აღვნიშნე, ეს არ იქნება რეალისტური ახლო მომავალში. ამის ნაცვლად, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს უფრო ახლო თანამშრომლობას სექტორულ რეფორმებში“, – განაცხადა კალიურანდმა.

მან შეაქო საქართველოს მიდეგომა პროგრამებისა და სტრატეგიების გაწერაში, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა 2024 წლისთვის ამბიციები უნდა შეამციროს.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ამბიციების შემცირება, რადგან თქვენ ვერ მიიღებთ „კის“ 2024 წელს. უმჯობესია მოლოდინის შემცირება და რეალობის ახსნა“, — განაცხადა კალიურანდმა.

ევროპარალამენტარმა აღნიშნა, რომ 2004 წელს ევროკავშრიში ესტონეთის გაწევრებას (რომელი ქვეყნიდანაც თავად არის) დღემდე სკეპტიკურად უყურებენ ევროპარლამენტში, თუმცა თავად ღია კარის პოლიტიკის მომხრეა. მისივე თქმით, თავის გუნდში საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა.

მარინა კალიურანდმა ასევე საქართველოსთვის რეფორმების გატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„გასულ ზაფხულს საკონსტიტუციო რეფორმების მხარდაჭერაზე უარის თქმა, შედეგად კი შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებით გამოწვეული კრიზისი – ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო, ასევე თქვენი მეგობრებისთვისაც. ჩვენ მიჩვეულნი ვიყავით, რომ საქართველო საერთაშორისო მოთხოვნებს ასრულდა, ატარებდა რეფორმებს და ისწრაფვოდა ევროპული ინტეგრაციისკენ და სამწუხაროდ, რაც მოხდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იმედგაცრუება იყო ბევრისთვის როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირში“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში არჩეულ ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტში შესვლისკენ სწორედ იმიტომ მოუწოდებდა, რომ არჩევნები ეუთო/ოდირმა შეაფასა როგორც სამართლიანი და დემოკრატიული. მისი თქმით, დემოკრატიულ პარლამენტს კრიტიკული ოპოზიცია სჭირდება.

„მიხარია, რომ შარლ მიშელის ინიცირებული მედიაციითა და განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩის, კარლის ჩართულობით შეთანხმება შედგა. მათ უდიდესი სამუშაო შესრულეს აშშ-ის ელჩთან ერთად. მაგრამ ევროკავშირი ყოველთვის ვერ მოაგვარებს პოლიტიკურ კრიზისს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. თქვენმა ქვეყანამ, თქვენმა ხელისუფლებამ, პოლიტიკოსებმა, ხალხმა უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა, რომ ასეთი სიტუაცია აღარ განმეორდეს“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ ესმის მათი, ვინც ჯერ არ შესულა პარლამენტში. რადგან პარლამენტის გარეთ ჯდომა, განხილვებში მონაწილეობაზე უარის თქმა საზოგადოების ინტერესს არ ემსახურება. მარინა კალიურანდმა პარლამენტის გარეთ მყოფ ოპოზიციონერებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.

„უამრავი საქმეა გასაკეთებელი – საკონსტიტუციო რეფორმები, სასამართლო რეფორმა, შეკითხვები, რომლებიც პანდემიას უკავშრდება – ყველა ეს საკითხი პარლამენტში მაგიდაზე დევს და საჭროა მუშაობა მმართველი და ოპოზიციური პარტიების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

ევროპარლამენტარმა 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ძალიან მარტივია, ისევ შეხვიდეთ პოლიტიკურ კონფრონტაციაში, ასე რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია არჩევნებში მართებულით კამპანიით ჩართვა. ისეთი კამპანიები, რომლებიც სხვა პოლიტიკურ პარტიებს პატივს სცემენ“.

მისვე თქმით, ვერ ხედავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ევროპარლამენტით არიან დაინტერესებულნი.

„ვერ ვხდეავ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა დაინტერესებული იყოს ევროპარლამენტით. ზოგჯერ ეს ნამდვილად დამქანცველია. ქართველი თუ უკრაინელი ხალხი დაიღალა ამ განხილვებით. თუმცა გარწმუნებთ, რომ ეს ევროპარლამენტის დღის წესრიგში იქნება და გარწმუნებთ, რომ სრული მხარდაჭერა გაქვთ და გარწმუნებთ, რომ ევროპარლამენტის სრული მხარდაჭერა გექნებათ სანამ თქვენი ქვეყანა დემოკრატიული რეფორმების გზას ადგას. სრული მხარდაჭერა ასევე გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.