რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში, სადაც რიკინის ბარიკადებია აღმართული, აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა რამდენჯერმე მოხდა. აქციაზე სიტუაცია პერიოდულად იძაბებოდა.
აქტივისტები ბარიკადებს იქით გადასვლას ცდილობდნენ, რაშიც პოლიციელები მათ წინააღმდეგობას უწევდნენ.
„რიონის ხეობის მცველების“ განცხადებით, არიან დაკავებულები. განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციული წესით 1 პირი დააკავეს.
ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, 2 ადამიანია დაკავებული. მისი მტკიცებით, დაინახა, როგორ სცემდნენ მათ პოლიციელები. ბარიკადების მეორე მხარეს არის გადასული მაკა სულაძეც.
„მცდელობა გვქონდა ტრადიციულად გადასვლის ბარიკადის მეორე მხარეს. ჩვენმა თანამებრძოლებმა შემოუარეს ტყის მხრიდან როგორც ჩანს სიმბოლური დატვირთვა აქვს მეორე მხარის აღმოჩენას ჩვენი თანამებრძოლების, ამიტომ გაეკიდა სპეცრაზმი ტყეში ბიჭებს, დააკავეს, მოაბრუნეს უკან და ამას მოჰყვა პოლიციასთან შეხლა-შემოხლა უშუალოდ ბარიკადებთან და დაკავებულია 2 ადამიანი, რომლებიც სცემა პოლიციამ. შევხედეთ ჩვენ თვითონ. უცებ როცა შეათრიეს კორდონში ჩვენი ერთ-ერთი თანამებრძოლი, ვხედავდით, როგორ ურტყამდა პოლიცია მას.
ახლა მოვუწოდებდით, რომ მეორე მხარეს გადმოეშვათ ჩვენკენ დ აგადასულია მაკა სულაძე, ესაუბრება პოლიციას, რომ გაათავისუფლონ ბიჭები“, – განაცხადა გოლეთიანმა.
აქცია ამ დროისთვის დასრულდა. ვარლამ გოლეთიანმა მოუწოდა აქტივისტებს, რომ დილის 5 საათზე განაახლონ აქტივობა, რადგან მოსალოდნელია კომპანია „ენკას“ მიერ სამუშაოების განახლება.