„ნუ წაართმევ ბავშვობას“ - შსს-მ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო.

კამპანია ტარდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის – „გენდერული თანასწორობისთვის“ – ფარგლებში, რომელიც შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კამპანიის მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინება.

საინფორმაციო კამპანია ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან. აღნიშნულ შეხვედრებს გამართავენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები, პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად.

ასევე, მომზადდა ბავშვობის ასაკში ქორწინების თემაზე სოციალური რეკლამა, რომელიც მასმედიის საშუალებით გავრცელდება. ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები და პოსტერები, რომლებიც კამპანიის ფარგლებში მიეწოდებათ სკოლის ადმინისტრაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. გაიმართება ფოტოკონკურსიც.

შსს-ში ამბობენ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მწვავე პრობლემად რჩება ბავშვობის ასაკში ქორწინება, რაც განსაკუთრებით მავნე ზეგავლენას ახდენს გოგონებსა და ქალებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულების დროული გამოვლენა და ეფექტიანი გამოძიება.

კამპანიის მხარდამჭერები ასევე არიან საერთაშორისო ორგანიზაცია „არბაითერ – სამარიტერ – ბუნდი“ (ASB) და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელები.