„ვცდილობთ, ვიყოთ შუამავლები“ - დეგნანი შუქრუთელების პროტესტზე

პუბლიკა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტი თბილისში გრძელდება. 8 ადამიანი, რომლებმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობენ, 30 მაისს თბილისში ჩამოვიდნენ. მათგან რამდენიმეს პირი აქვს ამოკერილი, მათ შორის – სამ ქალს. შუქრუთელი პროტესტის მონაწილეები ამერიკის საელჩოსთან არიან და სახელმწიფოსგან ყურადღებას მოითხოვენ.

გუშინ მათ შეხვდა ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი. როგორც პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე „პუბლიკასთან“ ამბობს, საელჩოს წარმომადგენელი მათ დაჰპირდა, რომ მიადევნებს ამ საკითხს თვალყურს, თუმცა რამე კონკრეტული პასუხი ჯერ საელჩოდან არ არის, ისევე, როგორც სახელმწიფო უწყებებიდან.

დღეს ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა მედიასთან აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

„შეერთებულ შტატებს არ აქვს პირდაპირი როლი ამაში, თუმცა საელჩოს ადამიანის უფლებათა დაცვის წარმომადგენელი შეხვდა მათ გუშინ. მას ჰქონდა შესაძლებლობა, მოესმინა მათი წუხილი. ვცდილობთ, ვიყოთ შუამავლები  სახალხო დამცველის ოფისთან შეხვედრის, შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებსაც მათი დახმარება შეუძლიათ. ჩვენი როლიც შესაძლოა სწორედ ეს იყოს – დაკავშირება. რა თქმა უნდა, გვინდა, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ისინი კარგად იქნებიან და მათ წუხილს მოუსმენენ“, – კელი დეგნანი.

შუქრუთელები სახელმწიფოსგან ყურადღებას მოითხოვენ, რადგან, მათი თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ მოლაპარაკების ყველა რესურსი ამოწურულია. ისინი მოითხოვენ ადეკვატურ კომპენსაციას, მანამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

შუქრუთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი ხდება; ზიანდება სახლები, ნიადაგი და ნაკვეთები; იკარგება საერთო სავარგულები, ბუნებრივი თუ მატერიალური რესურსი. ისინი მოითხოვენ, ანაზღაურდეს შუქრუთის მოსახლეობის ზარალი ისე, რომ მათ სხვაგან გადასვლა და ცხოვრება შეძლონ.