„ჩვენს თანამშრომლებს დაახლოებით 6 თვის განმავლობაში არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ შესულიყვნენ პანსიონის ტერიტორიაზე, დაახლოებით გასული წლის 20 ივნისიდან. ეს გარემოება პანსიონის მხრიდან ახსნილი იყო კოვიდუსაფრთხოებიდან გამომდინარე. ჩვენ მართლაც ვცდილობდით, რომ ბევრი ვიზიტი არ გვქონოდა სხვა სერვისებშიც, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა დაწესებულებებში არ შევდიოდით. შევდიოდით, თუმცა მინიმუმამდე გვქონდა დაყვანილი“, – ამის შესახებ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მისივე განმარტებით, მიუხედავად ამისა, პანსიონთან კომუნიკაცია შენარჩუნებული იყო, იგზავნებოდა კოვიდთან დაკავშირებული რეკომენდაციები და ურეკავდნენ ტელეფონით. მაღლაფერიძის თქმით, 2021 წლის აპრილიდან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთვის დაწესებულება სრულიად ღიაა. „მას შემდეგ, რაც ხელახლა გაიხსნა დაწესებულების კარი ჩვენთვის, გაიწერა ძალიან კონკრეტული გეგმა ამ დაწესებულებებში ვიზიტების; ხდება ბავშვების ხელახალი შეფასება“.
მაღლაფერიძე ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის, 3 სავარაუდო ძალადობის, ხოლო ერთი – სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე.
„ამ ოთხი შემთხვევიდან ორში ჩვენი მხრიდან იყო შეტყობინება სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე. ბავშვების მიმართ რამე სახის ძალადობის ეჭვის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული პროტოკოლი, რომ უნდა შევატყობინოთ შესაბამის ორგანოებს, ამ შემთხვევაში შს სამინისტროს.“
მისივე განმარტებით, ორივე შტყობინება შსს-ს 2019 წელს გაეგზავნა.
„როდესაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა, იყოს ძალადობა, ეს შეიძლება გახდეს გამოძიების დაწყების საგანი და შემდეგ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები ამასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება დადგეს რომელიმე კონკრეტული ადამიანის მიმართ და არა მთლიანად დაწესებულების. თუმცა იმისათვის, რომ ვილაპარაკოთ, დანაშაულს ჰქონდა თუ არა ადგილი და ეს დავაკავშიროთ ლიცენზირებასთან, ამისთვის აუცილებელია, გამოვკვეთოთ, ეს იყო დაწესებულება თუ ადამიანი. როდესაც ვსაუბრობ სავარაუდო დანაშაულის შეტყობინებაზე, ვიდრე არ დამტკიცდება, სავარაუდოა, შემდეგ უკვე მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს დანაშაული, რომელიც შეიძლება კონკრეტული ადამიანის მიმართ და არა დაწესებულების “, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.
7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.
19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.