მაქსიმალურად საჯარო და გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი, რადგან აქ საქმე ეხება ბავშვთა უფლებებს, – განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით.
„დაუშვებელია, თუნდაც, მინიმალურ დონეზე ვინმემ ისაუბროს გამჭვირვალობის დეფიციტზე. გამჭვირვალე და საჯარო უნდა იყოს ყველაფერი, რაც ბავშვებს უკავშირდება. აუცილებლად ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ როგორც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, ასევე საზოგადოებას ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.
7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.
19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.