ჩვენში აბსოლუტურად დაკარგეს ნდობა და ამიტომ ვეუბნებით უარს – მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ზოგიერთ არხზე

პუბლიკა

სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი აცხადებს, რომ გარკვეულმა არხებმა ტენდენციურად დაიწყეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საკითხის გაშუქება, რის გამოც დაკარგეს მათში ნდობა. მისივე თქმით, ამის გამო ეუბნებიან მათ უარს გადაღებაზე. მთავარეპისკოპოს სპირიდონის კომენტარს მედიაკავშირი „ობიექტივი“ ავრცელებს.

„ძალიან არასასურველი, ცილისმწამებლური კამპანია აგორდა ამ ბავშვთა სახლის წინააღმდეგ. ამ ბავშვების წინააღმდეგ და ამის ნამდვილი მიზანი არის ის, რომ გარკვეულ ძალებს უნდათ, ეკლესიის დისკრედიტაცია გასწიონ. მე ვიტყოდი, რომ არაჯანსაღ ძალებს.

უბრალოდ, ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეულმა არხებმა ძალიან ტენდენციურად დაიწყეს ამის გაშუქება და პირდაპირ საშინელ ცილისწამებაზე გადმოვიდნენ. ამიტომ ჩვენში აბსოლუტურად დაკარგეს ყოველგვარი ნდობა ამ საკითხთან დაკავშირებით და ამიტომ ვეუბნებით მათ უარს”, – ამბობს სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი.


სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.

ომბუდსმენის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა პროკურატურიდან და შსს-დან. მისი თქმით, მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც.