პანსიონთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები საგანგაშოა და სახელმწიფოსგან მკაცრ რეაგირებას საჭიროებს - კოალიცია

პუბლიკა

„კოალიცია თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია რომ ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები საგანგაშოა და სახელმწიფოსგან დაუყოვნებელ, მკაცრ რეაგირებას საჭიროებს.

„ამ დრომდე სახელმწიფოს არცერთ უწყებას მკაფიო პოზიცია არ გამოუხატავს პანსიონატში არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი სავარაუდო ძალადობისა და ბავშვთა უფლებების დარღვევის განგრძობად შემთხვევებზე. ამასთან, სახელმწიფოს არ შეუქმნია დემოკრატიული სამუშაო პროცესი, რომელიც სახალხო დამცველის მიერ პანსიონატში ბავშვთა უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს უზრუნველყოფდა.  მივმართავთ:

საქართველოს პროკურატურას

დაუყოვნებლივ მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება ნინოწმინდის პანსიონში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიების შედეგების შესახებ და დაუყოვნებლივ დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც მონაწილეობდა ბავშვთა მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებში;

საქართველოს მთავრობას

უზრუნველყოს სახალხო დამცველის შეუფერხებელი დაშვება ნინოწმინდის პანსიონატში გამჭვირვალე და ეფექტური მონიტორინგის ჩატარების მიზნით; შედეგიანად განხორციელდეს ყველა დიდი ზომის ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი“,- ნათქვამია განცხადებაში.

ომბუდსმენის ცნობით, პროკურატურიდან და შსს-დან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ პანსიონთან დაკავშირებით ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. მათ შორის, გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც.

სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.

7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.