ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მყოფ არც ერთ ბავშვს საფრთხე არ ემუქრება.
„სახალხო დამცველსა და მის აპარატს ხელი ეშლებოდა საკუთარი მანდატის განხორციელებაში, რაც უახლოეს დღეებში გადაწყდება, მათ შორის, სახალხო დამცველის მონაწილეობით, მაგრამ რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამჟამად პანსიონში ჯანდაცვის სამინისტროს ყველა ბერკეტი – სამართლებრივიც და ფაქტობრივიც – ხელთ აქვს საიმისოდ, რომ არც ერთ იქ მყოფ ბავშვს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდეს და სადღეისოდ ნერვიულობის მიზეზი რეალურად აღმოფხვრილია.
მუშაობა გაგრძელდება, რომ რეალურად განხორციელდეს სახალხო დამცველის მხრიდან მონიტორინგის მექანიზმის მუშაობა. კომიტეტი არის და იქნება ჩართული ამ პროცესში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.
7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის უზრუნველყოფა დაავალა.
19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.
სახალხო დამცველის განცხადებით, შსს-დან და პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციით, 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც.
„თითოეულ საქმეზე გამოკითხულია არაერთი მოწმე, ჩატარებულია ექსპერტიზა და სხვა მოქმედებები. თუმცა, ამ ეტაპზე საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი”, – განაცხადა ამ საქმეებზე შსს-მ.
მედიაში ვრცელდება პანსიონის ყოფილი ბენეფიციარების ნაამბობი. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებზე შსს-მ გამოძიებაც დაიწყო.
„რადიო თავისუფლებასთან“ ერთ-ერთი მათგანი იხსენებს ძალადობისა და დასჯის მეთოდებს, რომელსაც, მისი თქმით, პანსიონში მასწავლებლები იმ შემთხვევაში მიმართავდნენ, როცა მათ მითითებებს არ ასრულებდა და ეწინააღმდეგებოდა.