სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მერი მაღლაფერიძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, მათი შესვლის დროს ნინოწმინდის პანსიონში იყო 53 ბავშვი, 6 ბავშვი გამოიყვანეს და ამჟამად რჩება 47 ბავშვი.
„მას შემდეგ, რაც სოციალურ მუშაკს მიეცა შესაძლებლობა, შესულიყო დაწესებულებაში, მან 6 ბავშვი დააიდენტიფიცირა, რომელთაც უნდოდათ სახელმწიფო ზრუნვის ფორმის გამოცვლა. ეს ბავშვები უკვე გამოიყვანეს დაწესებულებიდან და ახლა კიდევ დამატებით 10 ბავშვთან გრძელდება მუშაობა.
გარკვეული ჯგუფი გვყავს იქ გაგზავნილი. ისინი იქ დარჩებიან და არ დატოვებენ დაწესებულებას, სანამ არ გვეცოდინება, რომ იქ ყველაფერი არის წყნარად.
ნამდვილად იყო პრობლემა შესვლასთან დაკავშირებით, რაც პანსიონის მხრიდან ახსნილი იყოს როგორც პანდემიიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენს სოციალურ მუშაკს მუდმივად ჰქონდა სატელეფონო კავშირი. ბავშვებს აქვთ ტელეფონები“, – ამბობს მერი მაღლფერიძე.
მისივე თქმით, რამდენჯერაც დარღვევების შესახებ შემთხვევებზე მიაწოდეს ბავშვებმა სოციალურ მუშაკს ინფორმაცია, ყველა ჯერზე მიმართეს სამართალდამცავებს.
საქართველოს სახალხო დამცველმა 2 ივნისს გაავრცელა განცხადება ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ. ომბუდსმენის თქმით, აპარატმა ინფორმაცია გამოითხოვა პროკურატურიდან და შსს-დან. მისი თქმით, მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც.
სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ ეძლევათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.
7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.
19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.