არასწორია ზრუნვის სააგენტოს პოზიცია, როცა პანსიონიდან მხოლოდ ის ბავშვები გამოჰყავს, ვინც ამას მოითხოვს – არგანაშვილი

პუბლიკა

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი, ანა არგანაშვილი ამბობს, რომ არასწორია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პოზიცია, როცა მხოლოდ ის ბავშვები გამოჰყავთ ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან, ვინც ამას მოითხოვს.

დღეს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავდნენ, რომ ნინოწმინდის პანსიონიდან 6 ბავშვი გამოიყვანეს (ვინც სურვილი გამოთქვა), 10 ბავშვთან კი მიმდინარეობს მუშაობა.

„ბავშვებს არ უნდა მოვთხოვოთ ამხელა გამბედაობა, რომ დაუპირისპირდნენ სისტემას, აღმზრდელებს, რელიგიურ ინსტიტუციას ან უსაფრთხოების რისკები თავად შეაფასონ. ბავშვების აზრი ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მაშინ, როდესაც მათ ობიექტური საფრთხე ემუქრებათ ან მათი ნება არის დათრგუნული და იძულებულია უფროსებს ასიამოვნოს რაიმეზე დათანხმებით.

თუ, ბავშვი ასეთი გამბედავი და ძლიერი არაა რომ წინააღმდეგობის გაწევა გაბედოს დავტოვოთ ძალადობრივ და უკანონო გარემოში?

ჯერ ყველა ბავშვი გამოიყვანეთ და შეუქმენით სრული უსაფრთხოების და დაცულობის განცდა და მერე კითხეთ სად უნდათ ყოფნა.

ბავშვთა სახლიდან ბავშვთა სახლში გადაყვანაც არასწორია, დააბრუნეთ ბიოლოგიურ ოჯახებში ან, მინდობით აღზრდის და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში“, – წერს ანა არაგანაშვილი.


საქართველოს სახალხო დამცველმა 2 ივნისს გაავრცელა განცხადება ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ. ომბუდსმენის თქმით, აპარატმა ინფორმაცია გამოითხოვა პროკურატურიდან და შსს-დან. მისი თქმით, მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც.

სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ ეძლევათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.

7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.