ნანუკა ზაალიშვილი არქიტექტორია. ის არქიტექტურულ სტუდია „იდააფ არქიტექტორებს“ 2015 წლიდან ხელმძღვანელობს. კომპანია არქიტეტურული პროექტების შექმნის გარდა, მუშაობს ქართული არქიტექტურის კვლევასა და მის თანამედროვეობაში გადააზრებაზე, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება „ავტობუსის საბჭოთა გაჩერებების“ პროექტიც.
როგორც ის ამბობს, ქვეყნის მასშტაბით ხშირად მოგზაურობდა, რა დროსაც ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები შენიშნა. 2015 წლიდან კი დაიწყო გაჩერებების გადაღება და მათი დოკუმენტალიზაცია. ამბობს, რომ კვლევისას დარგის სპეციალისტები ყურადღებას, ძირითადად, უფრო მასშტაბურ არქიტექტურაზე ამახვილებენ და არა ასეთ, მცირე ზომის ობიექტებზე.
ნანუკა ზაალიშვილის თქმით, მისთვის აღმოჩენა იყო, რომ ამ მცირე ზომის ნაგებობებისთვის სახასიათო იყო საინტერესო ფორმები, თვითმყოფადი არქტიტექტურულ-მხატვრული ელემენტები.
„ხშირად ვმოგზაურობდი და გაჩერებების შემჩნევა დავიწყე. ძალიან გამომსახველი სტრუქტურები ჰქონდათ, რაც ქართულ არქიტექტურაში მანამდე არასდროს შემიმჩნევია. ამიტომ დოკუმენტალიზაცია დავიწყე. მერე ვნახე წიგნი, რომელიც მსოფლიოს ავტობუსის გაჩერებებზე იყო. ამის შემდეგ დავიწყე ავტობუსების გაჩერებების გადაღება და მინდოდა ამას პროექტის სახე მისცემობდა. თავიდან კარგი კამერა არ მქონდა, ფოტოებსაც ასე, გარბენით ვიღებდი. რამდენიმე კარგი ფოტო გამომივიდა, შემდეგ კი კარგი კამერაც ვიყიდე და დავიწყე გაჩერებების გადასაღებად სიარული. ასე გრძელდება დღემდე“, – ამბობს ის.
ნანუკა ზაალიშვილი ამბობს, რომ ავტობუსის გაჩერებები თავისი საინტერესო ფორმებით, და მხატვრული გადაწყვეტით შეიძლება შეგვხვდეს ისეთ ადგილებშიც, სადაც, შესაძლოა ვერასდროს მოვხვდეთ. არქიტექტორის თქმით, ავტობუსის გაჩერებების კვლევა, მათი ფოტოფიქსაცია ჯერ კიდევ ამოუწურავია და, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდეს.
საბჭოთა ავტობუსის გაჩერებების შესახებ წიგნი 2018 წელს გამოსცა და ამბობს, რომ მას შემდეგ შეაგროვა სხვა ავტობუსის გაჩერებების ფოტოები, რომლებიც ახალ წიგნში გამოქვეყნდება.
„სტილის თვალსაზრისით გამოიკვეთა რამდენიმე სახასიათო გაჩერება. ეს არის ტიპური გაჩერება, რომლის მგავსი ფორმებიც სხვადასხვა რეგიონში გვხვდება. ისინი ძირითადად ბეტონისა და რკინის კონსტრუქციებითაა აგებული. ამასთან, გამოიკვეთა გაჩერებები, რომლებიც მორთულია მოზაიკით და ეს მოზაიკა არ მეორდება. ხოლო მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს არის გაჩერებები შექმნილი ელემენტით, რომელიც ეკუთვნის არქიტექტორ გიორგი ჩახავას. თავისი მნიშვნელობის გამო, მათ მიენიჭათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ეს გაჩერებები, ძირითადად, საბჭოთა მოდერნიზმს მიეკუთვნება, შეიძლება ბრუტალურსაც მივაკუთვნოთ. მაინც არ მგონია, რომ მათ რაიმე სტილში ჩასმა და მინიჭება სჭირდებათ, რადგან ისინი უნიკალური და ამასთანავე თვითმყოფადია“, – ამბობს ნანუკა ზაალიშვილი.
sovietbusstops.ge – ერთი თვის წინ ავტობუსის გაჩერებების შესახებ შეიქმნა ვებგვერდიც, სადაც ფოტოების სრულად დათვალიერებას შეძლებთ.
ფოტო: ნანუკა ზაალიშვილი