საქპატენტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ვინაიდან გახარიას დანიშნული იყო თანამდებობიდან გაათავისუფლეს

პუბლიკა

საქპატენტის ყოფილი თავმჯდომარე, მინდია დავითაძე აცხადებს, რომ ვინაიდან ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ იყო დანიშნული, თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ამის შესახებ დავითაძე სოციალურ ქსელში წერს.

ის ამბობს, რომ შეხვედრებს მართავდა და მივლინებით იმყოფებოდა რეგიონში, როდესაც შეიტყო, რომ პრემიერს მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოუცია.

„მინდა გაცნობოთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობიდან ჩემი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რაშიც აქტიურად იყო ჩართული მთავრობის ადმინისტრაცია. 2020 წლის თებერვალში 4 წლის ვადით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ დავინიშნე საქპატენტის თავმჯდომარედ.

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად მოსვლისა და მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსის დანიშვნის შემდეგ, რამდენჯერმე მქონდა კომუნიკაციის მცდელობა პრემიერთან და მისი ადმინისტრაციის უფროსთან. როგორც მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებულ უწყებას, პირადად მინდოდა მომეხსენებინა იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს აქვს და ამასთან, განმეხილა მიმდინარე სამსახურებრივი საკითხები და სამომავლო, საკმაოდ ამბიციური გეგმები. ჩემს წინადადებაზე 3 თვის განმავლობაში ვიღებდი უარს მოუცლელობის მიზეზით, მაშინ, როდესაც მთავრობის ადმინისტრაციაში ინტენსიურად იმართებოდა შეხვედრები სხვა სსიპ-ების უფროსებთან.

გუშინ, მივლინებით ვიმყოფებოდი გურიის რეგიონში, სადაც შეხვედრა მქონდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან რეგიონში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის ფორმირების მიმართულებით არსებული პოტენციალის ეფექტიან გამოყენებასთან დაკავშირებით. შეხვედრის მიმდინარეობისას, მთავრობის ადმინისტრაციამ ფაქტობრივად გზაში დამაწია გათავისუფლების ბრძანება, რომელიც პრემიერ-მინისტრს გუშინწინ – 09 ივნისს მიუღია და რის შესახებაც გუშინ მეილით გვაცნობეს, სწორედ იმ დროს, როდესაც მივლინებაში ვიმყოფებოდი“, – წერს დავითაძე.