„გილდია“ „კულტურულ ღონისძიებათა დაფინანსების ახალ წესს“ ეხმაურება და მას ფასადურ ცვლილებად აფასებს.
3 ივნისს, კულტურის მინისტრმა გამოსცა „კულტურულ ღონისძიებათა დაფინანსების ახალი წესი“, რომელიც „გილდიის“ შეფასებით, არ ეხმიანება ხელოვანთა და კულტურის სფეროში დასაქმებულთა მხრიდან დაყენებულ მოთხოვნებს და წარმოადგენს მხოლოდ ფასადურ ცვლილებას მანამდე მოქმედ ბრძანებაში.
„დაფინანსების „ახალი წესის“ თანახმად, კულტურის სამინისტროს ისევ აქვს შენარჩუნებული სრული მონოპოლია, როგორც კონკურსის პირობების დადგენაზე, ისე საკონკურსო კომისიის დაკომპლექტებაზე. ამასთანავე, „ახალი წესით“ სამინისტროს ისევ აქვს არასაკონკურსო, ექსკლუზიური პროექტების დაფინანსების უფლებამოსილება, რაც აქამდე დაფინანსების მიღების უსამართლო და საბიუჯეტო სახსრების არაგამჭვირვალედ ხარჯვის მთავარი მიზეზი იყო.
ამას ემატება, ჩანაწერი კულტურის მინისტრის უფლებამოსილებაზე – ცალკეული პროექტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს არსებული წესისგან განსხვავებულად.
გარდა ამისა, „ახალ წესში“, მართალია, გაწერილია კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც შეფასდება საპროექტო განაცხადები, თუმცა კონკურსის მიზანი და პრიორიტეტები ერთპიროვნულად განისაზღვრება კულტურის სამინისტროს მიერ. ამ პროცესში არ იღებს მონაწილეობას კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მინისტრი არ გადის კონსულტაციებს მათთან არც სავალდებულო და არც სათათბირო ფორმატში, “- ამბობენ „გილდიაში“.
მათივე შეფასებით, პრობლემურია ისიც, რომ დაფინანსების გაცემაზე უფლებამოსილი კულტურის მინისტრის მიერ ერთპიროვნულად დაკომპლექტებული საკონკურსო კომისიის სხდომები დახურულად გამოცხადდა.
დაფინანსების იმგვარ წესზე გადასვლისკენ, როგორსაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები მოითხოვენ, საუბარია, ჯერ კიდევ 2017 წელს, ევროკავშირისა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში 2017 წელს მომზადებულ ანგარიშშიც.
„გილდია“ იმედს იტოვებს, რომ სამინისტრო თავის მომავალ გადაწყვეტილებებში გასცდება მსგავსად ფასადურ საკითხებს და ამავდროულად, უზრუნველყოფს სოციალური პარტნიორების თანაბარ ჩართულობას რეფორმის პროცესში.
შესაბამისად, ისინი ითხოვენ:
– დაფინანსების ახალი წესი კულტურის სფეროს წარმომადგენლების ფართო ჩართულობით, კონსულტაციების საფუძველზე, შესაბამისობაში მოვიდეს, კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მიერ, კულტურის სამინისტროსთვის წარდგენილ დოკუმენტთან – „7 მოთხოვნა კულტურის რეფორმისთვის“.