მოქალაქეობის მიღების ბარიერები მუსლიმ მესხებს ართმევს წვდომას ბაზისურ სერვისებზე - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პუბლიკა

„მესხების ნაწილს კვლავ ექმნებათ ბარიერები მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, რაც მათ ართმევს წვდომას სხვადასხვა ბაზისურ სერვისზე”, – სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) თანამშრომლები ახალციხეში მცხოვრებ მუსლიმ მესხებს შეხვდნენ და მათი გამოწვევები და წუხილები მოისმინეს.

„მუსლიმი მესხების განმარტებით, ისინი საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევენ და ყველაფერს აკეთებენ, რათა ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ ამ ქვეყანაში. თუმცა, სახელმწიფოს დამოკიდებულება მუსლიმ მესხებთან მიმართებით არსებითად პრობლემურია და რეპატრიაციის სამართლებრივი წინაპირობების მიუხედავად, მათ საქართველოში არ შეექმნათ სოციალური და სამართლებრივი გარანტიები, რომელიც მათ განვითარების რეალურ შესაძლებლობას მისცემდა.

მესხების ნაწილს კვლავ ექმნებათ ბარიერები მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, რაც მათ ართმევს წვდომას ისეთ ბაზისურ სერვისებზე და უფლებებზე, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, საზღვრის კვეთა. მათ ნაწილს პრობლემა ექმნებათ ბინადრობის ნებართვების მიღების პროცესშიც კი. მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი მუსლიმ მესხებზე არ ვრცელდება სოციალური მხარდაჭერის სპეციალური პროგრამები, რაც საქართველოში ახლად დაბრუნებულ ოჯახებს სიღარიბისთვის და სოციალური დაუცველობისთვის წირავს.

არაღიარებისა და უუფლებობის ეს პრაქტიკა, მუსლიმ მესხებს აფიქრებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მათი რეალური მიღებისა და ინტეგრაციის მიზანი არ აქვს და ისინი კვლავ მიუღებელ ჯგუფად და „საფრთხედ“ არიან დანახულები”, – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.