გაჩნდეს დამატებითი მექანიზმი, რაც დააზღვევს პარტიების მიერ, გენდერული კვოტირების გვერდის ავლის რისკს – ISFED

პუბლიკა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ( ISFED) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს.

ანგარიში მოიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს, მათ შორის, საარჩევნო კანონმდებლობის მიმდინარე რეფორმის, პოლიტიკური პარტიების საქმიანობის, აგრეთვე, მედიასა და სახელმწიფო უწყებებში მიმდინარე პროცესების შეფასებას.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს  გენდერულ კვოტირებას გვერდი აუარეს.

ორგანიზაციის შეფასებით, გენდერული კვოტირების მექანიზმის ეფექტიანად მუშაობისთვის, მნიშვნელოვანია, საარჩევნო კოდექსში გაჩნდეს დამატებითი მექანიზმები, რაც დააზღვევს პარტიების მიერ გენდერულად დაბალანსებული წარმომადგენლობის გვერდის ავლის რისკს. 

„2020 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პოლიტიკურმა პარტიებმა „გირჩმა“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ იმგვარად ჩახსნეს პარტიული სიები, რომ მათი პროპორციული წესით არჩეული ქალი დეპუტატები პარლამენტში წარმოდგენილნი არ იქნებიან. ეს მაშინ, როდესაც კანონმდებლობაში არსებული გენდერული კვოტა დეპუტატის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, გვთავაზობს სქესთა ადგილმონაცვლეობას – გასულ დეპუტატს ანაცვლებს სიაში მყოფი იმავე სქესის შემდგომი წარმომადგენელი.

მსგავსი პრეცედენტის შექმნა აზრს უკარგავს გენდერული კვოტირების მექანიზმის არსებობას, შიდაპარტიულ დემოკრატიას, საარჩევნო კანონმდებლობის სულისკვეთებას, თანაბარი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მხრივ და აფერხებს ქალთა არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფის პროცესს“, – ნათქვამია ანგარიშში. 

,,სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ამ რისკის შესამცირებლად ასეთი საშუალება შეიძლება, იყოს მანდატის გაუქმება/სანქცია თუ პარტიულ სიაში ასარჩევი იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი აღარ არის პარტიულ სიაში.