„პანდემიის კრიზისის დროს პარლამენტმა უარი თქვა ფუნქციის შესრულებაზე“ | TI-ის ანგარიში

პუბლიკა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI) აქვეყნებს კვლევას საპარლამენტო კონტროლის განხორციელების შესახებ.

კვლევაში შეფასებულია 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე  პერიოდში განხორციელებული საპარლამენტო კონტროლი და მისი შედეგები. კვლევის პერიოდი პოლიტიკურ დაძაბულობასა და პანდემიის პერიოდს დაემთხვა.

ორგანიზაციის შეფასებით,  საკანონმდებლო ორგანო კრიზისულ ვითარებაში პარლამენტი ფაქტობრივად უარს ამბობს თავისი ძირითადი ფუნქციის განხორციელებაზე.

კვლევაში ერთი თავი ეთმობა საპარლამენტო კონტროლს კოვიდპანდემიის დროს.

TI ამბობს, რომ პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისის დროს პარლამენტმა ფაქტობრივად უარი თქვა თავის ფუნქციის შესრულებაზე და ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება სრულად მიანდო მთავრობას. პარლამენტი არ ახორციელებდა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ეფექტურ მონიტორინგს:

  • საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის კომიტეტებს არ ჩაუტარებიათ სხდომა, რომელიც შეეხებოდა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის საქმიანობის კონტროლს;
  • საპარლამენტო კონტროლის ეფექტურად განხორციელების ნაცვლად, პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის დროს ცვლილებები შეიტანა ისეთ კანონებში, რომელთა მიღება არ იყო აუცილებლობით და გადაუდებლობით გამოწვეული, მაგ., საპატრიარქოსთვის მიწების გადაცემის ინიციატივა (ტყის კოდექსი) და სსიპ-ების შექმნის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილება.
  • საგანგებო მდგომარეობის დროს კომიტეტებს არ გამოუყენებიათ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილება, საქმიანობის მიმართულებიდან გამომდინარე, შეემოწმებინათ საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და მათი შესრულების მდგომარეობა;
  • საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას პრეზიდენტის დეკრეტით მკაფიოდ არ იქნა განსაზღვრული კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის ფარგლები, შესაბამისად, სრულად მთავრობის კომპეტენციაში მოექცა უფლებებში ჩარევის შესახებ არსებითი და შინაარსობრივი გადაწყვეტილებების მიღება. ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობა უზრუნველყოფილი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტის დეკრეტი მკაფიოდ განსაზღვრავდა უფლების შეზღუდვის კონკრეტულ ფარგლებს, რომლის პირობებშიც მთავრობას მოქმედების შესაძლებლობა მიეცემოდა.
  • გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტს აღარ განუხორციელებია ზედამხედველობა მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებსა და განხორციელებულ ღონისძიებებზე, კონტროლის მიღმა დარჩა ის საკითხი, თუ რამდენად თანაზომიერი და პროპორციული იყო მთავრობის ქმედებები და მიღებული გადაწყვეტილებები პანდემიის პირობებში, მათ შორის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვის კუთხით გამოყენებული მექანიზმები.
  • კოვიდ პანდემიის დროს განრიგით გათვალისწინებული 11 მინისტრის საათის ნაცვლად, მხოლოდ 4 მინისტრის საათი ჩატარდა;
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ოპოზიციური ფრაქციების მიწვევისას არ მივიდა კომიტეტის სხდომაზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) გრანტის “საპარლამენტო ზედამხედველობის შეფასება საქართველოში” ფარგლებში,  წარმოადგენს კვლევას საპარლამენტო კონტროლის განხორციელების შესახებ. კვლევაში შეფასებულია 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე  პერიოდში განხორციელებული საპარლამენტო კონტროლი და მისი შედეგები.

კვლევას სრულად გაეცანით ბმულზე.